„რუსეთთან კომპრომისი არ იქნება, ოკუპანტები სრულად უნდა გავიდნენ ჩვენი ქვეყნიდან“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს ხელმძღვანელობის პრინციპული პოზიციაა, რომ შერიგების ერთადერთი ვარიანტია რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანა და კაპიტულაცია.
„შერიგების ერთადერთი ვარიანტია – რუსეთის კაპიტულაცია, შეიარაღებული ძალების გაყვანა და საუბრები კომპენსაციაზე. ეს სახელმწიფოს ხელმძღვანელობის პრინციპული პოზიციაა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
მისი განმარტებით, აღნიშნულ პირობებს არა მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტი და ხელმძღვანელობა აყენებს, არამედ დიპლომატები და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებიც, მათ შორის აშშ და გაერთიანებული სამეფო.
„არ იქნება ვარიანტი, სადაც რუსებს აქ დარჩენის უფლებას მივცემთ. ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ მოლაპარაკება სცადონ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რა მრავალმხრივი პროცესები მიმდინარეობს ევროპაში. ისინი ხანდახან ყოყმანობენ, რადგან ეს არის ევროპული პოლიტიკის სკოლა“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას, საფრანგეთსა და გერმანიას შორის, შესაძლოა, სამმხრივ დონეზე გარკვეული თამაში მიდიოდეს, რაც, მისი განმარტებით, უცნაური პოზიციაა.