„ნიკა გვარამიამ პირადად ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიასთან მოლაპარაკების პროცესში შეარჩია ორი საცხოვრებელი ბინა თბილისში, საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას და ამ ბინების შეძენა განხორციელდა ასევე „ინტერმედია პლიუსის“ მიერ. სწორედ იმ 6 700 000 გაფლანგული ლარის სანაცვლოდ, რომელიც „რუსთავი 2“-ს უნდა მიეღო , თუმცა ნიკა გვარამიას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ეს მოგება აისახა „ინტერმედია პლიუსში“, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეული ჯგუფების და ადამიანების მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, ნიკა გვარამიას საქმეში „პორშეს“ დანაშაულებრივი ეპიზოდი დამახინჯებულად იქნეს წარმოჩენილი, არადა, რეალურად ძალიან მარტივ მოცემულობასთან გვაქვს საქმე.
„ის მოცემულობა, რომ 6 700 000 ლარი რეალურად წარმოადგენდა „რუსთავი 2“-ის საკუთრებას, მის ფაქტობრივ მფლობელობაში ვერასდროს გადმოვიდა. ამის შემდგომ იწყება დანაშაულებრივი ქმედების შემდგომი ეტაპი. იმის გამო, რომ ნიკა გვარამიამ ფაქტობრივად „ინტერმედია პლიუსის“ სასარგებლოდ გაფლანგა რუსთავი-2-ის 6 700 000 ლარი, სანაცვლოდ მან თავისი პირადი საჭიროებებისთვის და პირადი სარგებლის მიღების მიზნით გარკვეული ქმედებები განახორციელა. ინტერმედია პლიუსმა, თანხა, რომელიც არ გადაურიცხა „რუსთავი 2“-ს, შემდგომში დივიდენდების სახით გასცა მის დამფუძნებლებზე. ერთ-ერთი მათგანი იყო ნიკა გვარამიას მეგობარი და მასთან დაახლოებული პირი და ნიკა გვარამიას დავალებით, ამ ადამიანმა, გვარამიას მიერვე მითითებული პირებისთვის, მისი მეგობრებისთვის შეიძინა საცხოვრებელი სახლები და ძვირად ღირებული ავტომანქანები“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა. პროკურორმა ვრცლად ისაუბრა „გვარამიას საქმის“ დეტალებზე.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას მიზანი იყო, არა მხოლოდ დაეზიანებინა ფინანსურად „რუსთავი 2“, არამედ პირადად მისი სამეგობრო წრისთვის მოეტანა ფინანსური სარგებელი დანაშაულებრივი სქემების შედეგად.
„რაში გამოიხატა რეალურად მის მიერ ჩადენილი ქმედება და რა იყო მოტივაცია, რაც განმსაზღვრელია სამართლებრივი შეფასებისთვის. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ტელეკომპანიის შემოსავლების ძირითადი წყარო სარეკლამო დროის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალია. ამ კუთხით 2013-14 წლები საკმაოდ მოგებიანი იყო „რუსთავი 2“-ისთვის, უფრო მეტის, 2014 წელს მას ჰქონდა უპრეცედენტოდ მაღალი მოგება სარეკლამო დროის გაყიდვის შედეგად. თუმცა, ამ პერიოდში ჩნდება მოლოდინი, რომ რეალურად წინა ხელისუფლების პერიოდში უკანონოდ მიტაცებული ტელეკომპანიის დაბრუნების მიზნით მისი კანონიერი მესაკუთრე დაიწყებს სამართლებრივ დავას სასამართლოში და მოითხოვს მისი კუთვნილი ქონების დაბრუნებას. ეს რა თქმა უნდა, არ შედიოდა ნიკა გვარამიას ინტერესებში და სწორედ ამ დროს მომზადდა დანაშაულებრივი სქემა და გეგმა, რომლის მიზანი იყო ახალ მესაკუთრეს, რუსთავი-2-ის დაბრუნების შემთხვევაში კომპანია გადაცემოდა მაქსიმალურად რთულ ფინანსურ მდგომარეობაში, ფაქტობრივად გაკოტრების ზღვრამდე მისული. ჯერ კიდევ 2015 წლის დასაწყისში გარკვეულწილად მოსამზადებელი ქმედებები განხორციელდა, კერძოდ, „რუსთავი 2“-მა შეწყვიტა ის კონტრაქტი იმ კომპანიასთან, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა სარეკლამო დროის გაყიდვა და ახალ კომპანიასთან დადო ხელშეკრულება. ეს იყო ინტერმედია პლიუსი, რომელსაც იმ პერიოდისთვის არ ჰქონდა სარეკლამო გაყიდვების არანაირი გამოცდილება, უფრო მეტიც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ კომპანიის დამფუძნებელი იყო ნიკა გვარამიას პირადი მეგობარი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი.
ამ კომპანიასთან ურთიერთობის დამყარებამ მას შესაძლებლობა მისცა საჭიროების შემთხვევაში მისი დანაშაულებრივი ზრახვების შესაბამისად, თავად დაეგეგმა შემოსავლების ნაკადი „რუსთავი 2“-ში. წყალგამყოფი მომენტი იყო 2015 წლის აგვისტო, როდესაც ქიბარ ხალვაშმა დაიწყო სამართლებრივი დავა „რუსთავი 2“-ის დაბრუნების მიზნით და ოფიციალურად მიმართა ეროვნულ სასამართლოებს. ეს დავა მოგეხსენებათ, დამთავრდა იმით, რომ სასამართლომ იგი სცნო კანონიერ მესაკუთრედ, ეს პროცედურა შემოწმდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ და მასაც არ ჰქონდა კითხვის ნიშნები და ეჭვები ეროვნულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. 2015 წლის აგვისტოს შემდეგ იწყება ამ დანაშაულებრივი ზრახვების და გეგმების სისრულეში მოყვანა და „რუსთავი 2“ არ ითხოვს „ინტერმედია პლიუსისგან“ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ თანხებს, ანუ, მის ეთერში გაშვებული რეკლამის სანაცვლოდ თანხის მოთხოვნა არ ხდება, ისევე როგორც არც „ინტერმედია პლიუსი“ არ იხდის ამ თანხებს და საბოლოო ჯამში ვიღებთ მოცემულობას, რომ 6 700 000 ლარი, რომელიც წარმოადგენდა „რუსთავი 2“-ის საკუთრებას, „რუსთავი 2“-მა რეალურად ვერასდროს მიიღო.
უფრო მეტიც, ეს სამართლებრივი ურთიერთობა იმგვარი დოკუმენტებით აისახა, რომ მომავალში კანონიერ მესაკუთრესაც კი არ ექნებოდა შესაძლებლობა ამ თანხაზე დავისა. ის მოცემულობა, რომ 6 700 000 ლარი რეალურად წარმოადგენდა „რუსთავი 2“-ის საკუთრებას, მის ფაქტობრივ მფლობელობაში ვერასდროს გადმოვიდა. ამის შემდგომ იწყება დანაშაულებრივი ქმედების შემდგომი ეტაპი. იმის გამო, რომ ნიკა გვარამიამ ფაქტობრივად „ინტერმედია პლიუსის“ სასარგებლოდ გაფლანგა „რუსთავი 2“-ის 6 700 000 ლარი, სანაცვლოდ მან თავისი პირადი საჭიროებებისთვის და პირადი სარგებლის მიღების მიზნით გარკვეული ქმედებები განახორციელა. „ინტერმედია პლიუსმა“, თანხა, რომელიც არ გადაურიცხა „რუსთავი 2“-ს, შემდგომში დივიდენდების სახით გასცა მის დამფუძნებლებზე. ერთ-ერთი მათგანი იყო ნიკა გვარამიას მეგობარი და მასთან დაახლოებული პირი და ნიკა გვარამიას დავალებით, ამ ადამიანმა, გვარამიას მიერვე მითითებული პირებისთვის, მისი მეგობრებისთვის შეიძინა საცხოვრებელი სახლები და ძვირად ღირებული ავტომანქანები. ამის შემდგომ ნიკა გვარამიამ პირადად ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიასთან მოლაპარაკების პროცესში შეარჩია ორი საცხოვრებელი ბინა თბილისში, საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას და ამ ბინების შეძენა განხორციელდა ასევე „ინტერმედია პლიუსის“ მიერ. სწორედ იმ 6 700 000 გაფლანგული ლარის სანაცვლოდ, რომელიც „რუსთავი 2“-ს უნდა მიეღო, თუმცა ნიკა გვარამიას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ეს მოგება აისახა „ინტერმედია პლიუსში“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.