თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ განაცხადა, რომ ფინეთი ნატოს ძლიერი მოკავშირე გახდება.
ფინეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები ფინეთის ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადის რატიფიცირებას მალე მოახდენენ.
„ფინეთს ყოველთვის ჰქონდა ამაყი და კარგი ორმხრივი ურთიერთობა თურქეთთან. როგორც ნატოს მოკავშირეები, ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ თურქეთის უსაფრთხოებაზე, ისევე როგორც თურქეთი აიღებს ვალდებულებას ჩვენს უსაფრთხოებაზე. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ტერორიზმის საკითხს. ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს და აქტიურად ვართ ჩართული მის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ მზად ვართ, ღიად და კონსტრუქციულად განვიხილოთ ყველა ის შეშფოთება, რაც შეიძლება ჰქონდეს თურქეთს ჩვენს წევრობასთან დაკავშირებით. ეს დისკუსიები უკვე შედგა და უახლოეს დღეებში გაგრძელდება“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.
18 მაისს, ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს. შესაბამისი განაცხადები ალიანსში შვედეთისა და ფინეთის ელჩებმა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს გადასცეს.