რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ყოველთვისაა მოსალოდნელი ყველაზე არაარგუმენტირებული ბრალდებებიც კი. დღეს ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის - თუ საქართველო თუ მივიდა იქამდე, რომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე - ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმის დამსახურება, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, საზოგადოებასთან ერთად, ამ წლების განმავლობაში თანმიმდევრულად ჩაატარა რეფორმები და გადადგა ის ნაბიჯები, რომელმაც საქართველოს მისცა საშუალება, რომ ევროკავშირის წევრობაზე შეეტანა განაცხადი , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„2 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიაში ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი მთავარ პირობად დაასახელა. ყველას გვახსოვს ეს პერიოდი და გვახსოვს ამ რადიკალური ოპოზიციის ლიდერების მაშინდელი ცინიკური და დამცინავი განცხადებები. ისინი ამბობდნენ, რომ ეს არის ჰაერიდან მოტანილი თემა, დღეს პირიქით საუბრობენ და გვეუბნებიან, რომ თითქოს გვარამიას პასუხისგებაში მიცემა საქართველოს ევროკავშირში ინტერგრაციას ხელს შეუშლის. პრაქტიკულად ტოლობის ნიშანას სვამენ გვარამიასა და ევროკავშირს შორის. ჩემი აზრით, ტოლობის ნიშნის დასმა უკიდურესი ცინიზმი და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა“, - განაცხადა თალაკვაძემ.