„ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, ვინ არის სუვერენი ამ ქვეყანაში? ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, როგორი იქნება ხვალინდელი დღე საქართველოში რომელიმე პოლიტიკოსი ევროპარლამენტში, რომელიმე ქვეყნის ელჩი თუ ქართველი ხალხი? ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი“, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას „აი იას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მათ ამერიკის ელჩს ორჯერ მიმართეს წერილი, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. შაქარაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ელჩი მათ კითხვებს უპასუხებს.
„იმედს ვიტოვებთ, რომ ის ქართულ საზოგადოებას ღირსად ჩათვლის და ამ კითხვებზე პასუხს გაგვცემს. გამომდინარე იქიდან რომ ამ კითხვებზე პასუხები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. გამოიკვეთა და ნათელი გახდა, რომ ჩვენი ქვეყნის მიღმა გარკვეული ძალების ინტერესში შედის საქართველოს ომში ჩათრევა. ამერიკის ელჩის მკაფიო და გასაგები პოზიცია არ არის რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკოსის, მაგალითად, ჟიგიმანტას პავილიონისის ან ვიოლა ფონ კრამონის პოზიცია. ის წარმოადგენს აშშ-ს, ჩვენს მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოს საქართველოში და სწორედ ამიტომ, მისი მკაფიო პოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა შაქარაშვილმა.
მისი თქმით, მისი პოზიცია გამოწვეულია სწორედ კეთილი სურვილებიდან. ელჩის ბოლოდროინდელი განცხადებები მიუღებელია ქართული საზოგადოებისთვის და ხელს უწყობს, საქართველოში ანტიამერიკული, ანტიდასავლური განწყობები გაღვივდეს.
ამასთან, შაქარაშვილმა ისაუბრა ნიკა გვარამიას საქმეზეც და აღნიშნა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ დაყენებული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან მიმართებაში გადამწყვეტი ვერ იქნება.
„ამ კითხვარის მთელი შინაარსი არის ის, რომ ჩვენ გვინდა გავიგოთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლისგან, ქალბატონი ელჩი გვიტოვებს საერთოდ უფლებას, რომ საქართველოს ჰქონდეს საკუთარი ინტერესები და თუ ეს ინტერესები კონკრეტულ მოცემულობაში არ ემთხვევა სხვა რომელიმე ქვეყნის ინტერესებს, ჩვენ არჩევანი ჩვენი ინტერესების სასარგებლოდ გავაკეთოთ და პრიორიტეტი ჩვენს ინტერესებს მივანიჭოთ?! გვაქვს თუ არა ამის უფლება? ეს ყველაფერი ერთ ჯაჭვში იკვრება და არის ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, ვინ არის სუვერენი ამ ქვეყანაში? ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, როგორი იქნება ხვალინდელი დღე საქართველოში რომელიმე პოლიტიკოსი ევროპარლამენტში, რომელიმე ქვეყნის ელჩი, თუ ქართველი ხალხი? ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, რადგან განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ისევ გრძელდება უმძიმესი მოვლენები, ტრაგედია უკრაინაში და უკრაინის ხელისუფლება და არა მარტო, მათი ინსტრუმენტები საქართველოში მოგვიწოდებდნენ და ყველაფერს აკეთებენ დაუღალავად, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, ჩვენ გვჭირდება ჩვენი მეგობრისგან, პარტნიორისგან პასუხი - ის ეთანხმება თუ არა ამ ყველაფერს“, - დასძინა შაქარიშვილმა.