logo_geo
eng_logo
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ფილმის „კრისტოფორო კასტელი -ილუსტრირებული ისტორია“ პრემიერა გაიმართა
- +

21 მაისი. 2022. 14:11

 

 

კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში დოკუმენტური ფილმის „კრისტოფორო კასტელი - ილუსტრირებული ისტორია“ პრემიერა გაიმართა. დოკუმენტური ფილმი მუზეუმების  საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის პროგრამის ნაწილია. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო, ფილმის რეჟისორი თამარ მახარაძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე თეონა ჯაყელი და სხვა მოწვეული სტუმრები.

 

დოკუმენტური ფილმი „კრისტოფორო კასტელი - ილუსტრირებული ისტორია“ მოგვითხრობს მეჩვიდმეტე საუკუნეში საქართველოში მოღვაწე იტალიელი მისიონერის, კრისტოფორო დე კასტელის ცხოვრების შესახებ. კრისტოფორო კასტელი ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში და ჩვენს ისტორიას მემკვიდრეობად დაუტოვა უნიკალური დოკუმენტები, ნახატები და ჩანახატები.

 

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე კასტელის შემოქმედება მთლიანად არ იყო შესწავლილი და დოკუმენტურ ფილმზე მუშაობისას ის სრულად პირველად გადაიღეს. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია თამარ მახარაძე, პროდიუსერი -ლევან მაჭარაშვილი, ოპერატორი - ოთარ ბერძენიშვილი, ხოლო მონტაჟი და კომპიუტერული გრაფიკა უზრუნველყო ირმა თევდორაძემ. გადამღებმა ჯგუფმა პალერმოს ბიბლიოთეკის დირექტორის, ელიანა კალანდრასგან დიდი საჩუქარი მიიღო - კასტელის სრული შემოქმედების, შვიდი ალბომის ციფრული ვერსია. კრისტოფორო კასტელის ალბომების ელექტრონული ჩანაწერები საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

 

ფილმი ეძღვნება საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღსა და ურთიერთთანამშრომლობას ორ მეგობარ ქალაქს - თბილისსა და პალერმოს შორის. ფილმის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია და იტალიის საელჩო საქართველოში.

 

კრისტოფორო კასტელიმ საქართველოში ცხოვრებისას დაწვრილებით აღწერა საქართველოს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და სახელოვნებო სფეროები, ასევე, დახატა 570-ზე მეტი პორტრეტი და ჩანახატი მინაწერებით. კასტელის საქართველოში მოღვაწეობის შედეგად, დღეს მოგვეპოვება ისეთი ადამიანების პორტრეტები, როგორებიც არიან: თეიმურაზ I, ლევან II დადიანი, გიორგი სააკაძე, ნიკიფორე ირბახი და საქართველოს ისტორიის კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი სახე.

 

აღსანიშნავია, რომ კასტელის ალბომები მსოფლიო ისტორიოგრაფიაში ერთ-ერთი უნიკალური მაგალითია, რადგან ავტორი არა მხოლოდ მოგვითხრობს ისტორიულ ამბებს, არამედ დეტალურად ასურათებს მათ. კასტელის მემკვიდრეობა შვიდი დიდტანიანი ალბომისგან შედგება, რომლებიც ქალაქ პალერმოს ბიბლიოთეკაშია დაცული. რამდენიმე სურათი ალბომიდან პირველად მიხეილ თამარაშვილმა გამოაქვეყნა, ხოლო კინოფირზე ისინი რეზო თაბუკაშვილმა აღბეჭდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner