„მე ხელისუფლება იმისთვის მყავს, რომ არც მოსკოვს მოუსმინოს, არც ბრიუსელს, არც ვაშინგტონს, არც სხვას - ვალდებულია, თავის ხალხს მოუსმინოს“, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი პირები საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებენ, რაც „სრული უგუნურობაა“.
მეუფე იაკობის განცხადებით, ისინი ფიქრობენ, რომ „მათ ჭკუაზე უნდა ვიცხოვროთ“, თუმცა ეს ასე არასდროს მოხდება.
„ვფიქრობ, რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ, სრული უგუნურობაა, ისინი უგუნურები არიან. მე ჩემი ხელისუფლება იმისთვის მყავს, რომ არც მოსკოვს მოუსმინოს, არც ბრიუსელს, არც ვაშინგტონს, არც სხვას - ვალდებულია, თავის ხალხს მოუსმინოს. აბა, ამერიკასთან მიდი და ეგ გაუბედე. რამდენი ხანია უკვე, რაც ომი დაიწყო, ჩვენ დახმარების მეტს, რას ვაკეთებ ხომ? - და რა უნდათ, ახლა იმათ ჭკუაზე ვიაროთ? - ჩვენ მათ ჭკუაზე არასდროს ვივლით. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმისთვის უნდა იყოს, რომ თავის ხალხზე იფიქროს, ის კი არა, ერთმანეთს ფეხი დავუდოთ.
კუმ ფეხი გამოყოო, ისე მოსდით იმათ. რომელი ავტორიტეტი აქვთ, ვინც რამეს გვეუბნება? რა უნდათ ე.ი. ჩვენი მთავრობა დაიქირაონ, ჩვენმა მთავრობამ ეს მიწა იჯარით მისცეს და საქართველო პოლიგონად გავხადოთ და დავიშალოთ? კიდევ მილიონი კაცი რომ გაიქცეს საქართველოდან, ვის ვუტოვებთ საქართველოს? რად მინდა მერე იმათი მილიარდები, აშენებული თუ დამინგრიეს? თუ გამიპარტახეს, რად მინდა მასე აშენებული?
ცოტა ხანი კიდევ ვაცადოთ. სად უნდა იჩივლონ? პუტინთან უნდა გვიჩივლონ, ბაიდენთან, თუ სად? ევროპაში ვისთან უნდა გვიჩივლონ, გვერდზე ქვეყნებში სად უნდა გვიჩივლონ? ეს არის საქართველო. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მტერი შემოსეული. უკრაინაში რაც ხდება ჩვენი მთელი ისტორია სულ მასე ხდებოდა. საბჭოდა კავშირი რომ იშლებოდა 9 აპრილიდან დაწყებული, მერე 90-იან წლებში რა გადავიტანეთ. ჯერ ძმათა მკვლელი ომი შემოიტანეს, მერე აფხაზეთში რუსებთან ომი, ასევე, ცხინვალის რეგიონში რუსეთთან ომი, მერე აღარ გვაკმარეს და 2008 წელი კიდევ დაგვიმატეს და ჩვენთვის ვინ იბრძვის? ჩვენ ყოველთვის ჩვენთვის ვიბრძვით და ნურავინ ნუ დაგვამადლის რა. ჩვენ ვიბრძოდით ხოლმე სხვების თავისუფლებისათვის“, - განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.