მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ 38 წლის მამაკაცს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბრალდებულს გამოძიება ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება.
ადვოკატ სულხან კომახიძის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარ მოვლენებს ვერ იხსენებს, თუმცა, ფაქტს არ უარყოფს.
ადვოკატის ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მიზანშეწონილია ექსპერტიზის ჩატარება.
„ბრალი წარედგინა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ამ ფაქტს არ უარყოფს თვითონ, თუმცა, მოვლენებს ვერ იხსენებს, ძალიან ცუდ დღეშია, ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს მძიმე, მანამდეც გადიოდა მკურნალობას, ჰქონდა შესაბამისი მედიკამენტები დანიშნული, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში არ იღებდა. დაუდგენელია ამ ეტაპზე, დანაშაულის მოტივი რა შეიძლება იყოს, ფაქტებს ვერ იხსენებს და რა მოხდა, იმის გადმოცემა სრულყოფილად არ შეუძლია. ნანობს, რა თქმა უნდა, დანაშაულს, გაოგნებულია. ბრალდებას არ უარყოფს. მუნიციპალურ ტრანსპორტში არის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, არსებობს თვითმხილველის მასალაც, ჯერ მასალები არ მინახავს, ახლა გადმომეცა. ექსპერტიზის ჩატარება მნიშვნელოვანია, რომ გაირკვეს, ადამიანი აცნობიერებდა თუ არა, რის ჩადენაშიც ედება ბრალი. დიდი ალბათობით, ამის გაცნობიერების უნარი მას არ ჰქონდა მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე. რაც შეეხება სასამართლოზე აღკვეთის ღონისძიების საკითხს, ბრალდებული მისი პატიმრობიდან გათავისუფლებას არ ითხოვს“, – განაცხადა ადვოკატმა სულხან კომახიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მკვლელობა მოხდა.