საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „ახალი ქართული წიგნი - მწერლების ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებით, გამარჯვებული პროექტებია:
„სოლიდარობის წიგნი“, განმახორციელებელი - შპს სეზანი. პროექტის ფარგლებში გამოიცემა ცნობილი ქართველი დიპლომატის, მეცნიერის, მთარგმნელის და პოეტის, რაულ ჩილაჩავას წიგნი „წერილები ევას“;
„საჭადრაკო ლეგენდები და ხაფანგები“, განმახორციელებელი - ა(ა)იპ მომავლის სოფელი. პროექტის ფარგლებში გამოიცემა მწერლის, გურამ მეგრელიშვილის წიგნი, რომელიც მოიცავს ქართულ და მსოფლიო საჭადრაკო სფეროში მოარული ლეგენდების მხატვრულ ინტერპრეტაციას და ყველაზე გავრცელებული საჭადრაკო ხაფანგების კრებულს (კონსულტანტი - მოჭადრაკე თემურ დოდელია).
„ნინო უძილაურის პოეტური კრებული - მე, შენ, ის", განმახორციელებელი - შპს „მერანი“;
„ნისლი შენამდე", ავტორი - დანი ადამელია, განმახორციელებელი - შპს წიგნი+ერი. პროექტის ფარგლებში გამოიცემა ახალგაზრდა ავტორის - დანი ადამელიას (ფსევდონიმი) რომანი „ნისლი შენამდე";
„საწუთროს მარგალიტები“ ავტორი - ეკატერინე ფავლენიშვილი, განმახორციელებელი - შპს „საქართველოს აკადემიური გამომცემლობა“;
„ლეილა მესხის რჩეული მოთხრობების გამოცემა'', განმახორციელებელი - შპს გამომცემლობა „მერიდიანი“;
„რეზო ნაჭყებიას რომანის „რობიზო“ გამოცემა“, განმახორციელებელი - შპს გამომცემლობა "ნეკერი";
„ნაირა გელაშვილის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებულის გამოცემა“, განმახორციელებელი - ა(ა)იპ კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი;
„ახალი ძველი ამბები“, განმახორციელებელი - შპს ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო. პროექტი ითვალისწინებს არქივში, სხვადასხვა მუზეუმში თუ საოჯახო არქივში დაცული ფოტოებით ილუსტრირებული წიგნის გამოცემას, რომლის გმირებიც იქნებიან ქართველი და საქართველოსთან დაკავშირებული უცხოელი საზოგადო მოღვაწეები, დაწყებული მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან XX საუკუნის შუა რიცხვებამდე. წიგნი ასახავს და წარმოაჩენს გამოჩენილი და ღვაწლმოსილი ადამიანების ნაცნობ, უცნობ და მივიწყებულ ისტორიებს, მათ პირად თუ საქმიან ურთიერთობებს.
„თემურ აბულაშვილი - 75", განმახორციელებელი - შპს ფავორიტ სტილი;
„ახალი პოეტური კრებული - რას მეტყვის სამოცდამეათე?“, განმახორციელებელი - ფ.პ ზეინაბ სარია;
„პიესების კრებული ჩვენებური ამბები“, განმახორციელებელი - ფ.პ ფიქრია ყუშიტაშვილი;
ვანო ჩხიკვაძე ,,გვირაბი'', განმახორციელებელი - ფ.პ ივანე ჩხიკვაძე;
„ქართული ავანგარდიზმი", განმახორციელებელი - ფ.პ ლევან გელაშვილი. პროექტის ფარგლებში გამოიცემა ფილოლოგიის დოქტორის - ლევან გელაშვილის წიგნი, რომელიც ეძღვნება ქართველი ავანგარდისტების (ფუტურისტების და დადაისტების) ლიტერატურულ ასპარეზზე გამოსვლიდან ასი წლის იუბილეს. წარმოდგენილი გამოცემა არის ქართული ავანგარდიზმის ტექსტოლოგიური (ფუტურიზმის და დადაიზმის) კრებულის შედგენის პირველი ცდა;
„ქეთი სიმონიშვილის პოეტური კრებული“, განმახორციელებელი - ფ. პ ქეთი სიმონიშვილი. პროექტის ფარგლებში გამოიცემა ახალგაზრდა პოეტის - ქეთი სიმონიშვილის სადებიუტო პოეტური კრებული.
კონკურსისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 60 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს სულ 42-მა განმცხადებელმა მომართა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მოცემული კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 23 პროექტი (გამოიცა 23 წიგნი), თუმცა, გასულ წელს, კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ გამომცემლებს შეეძლოთ. წელს კი კონკურსის არეალი გაფართოვდა და მასში გამომცემლების გარდა, ფიზიკურ პირებსაც მიეცათ მონაწილეობის მიღების საშუალება“, - აცხადებენ სამინისტროში.