“საქართველომ უნდა შეძლოს, დასავლეთის ყურადღება საკუთარი მომავლისთვის სწორად გამოიყენოს. ვერავინ უნდა შეძლოს, ამ პერსპექტივას რაიმე ტიპის ზიანი მიაყენოს. მითუმეტეს, მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესებით მოქმედმა ჯგუფებმა,” - ამის შესახებ „იმედის კვირას“ ვაშინგტონში, მკვლევარმა, სამხედრო კონტროლიორთა ამერიკული საზოგადოების გენერალურმა დირექტორმა რიჩარდ ბრეიდმა განუცხადა.
მან ისაუბრა, შეძლებს თუ არა პოლიტიკური სპექტრი ერთი, მნიშვნელოვანი პროდასავლური ამოცანის გარშემო გაერთიანებას.
„მესმის, რამდენად ემოციური პოლიტიკური ფონია ახლა საქართველოში, მითუმეტეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე. პირადად მე, მჯერა, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ გზაზეა. პოლიტიკური, მორალური და დიპლომატიური მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ომის დაწყების დღიდანვე გამოუცხადა უკრაინას. ომში ჩართვაზე საუბარი კი არაგონივრულად მიმაჩნია, ეს არ იქნება მიზანშეწონილი არც რეგიონული უსაფრთხოებისთვის და მითუმეტეს, არც საქართველოსთვის. შესაძლოა ამაზე ფიქრმა, სრულიად არაპროგნოზირებად მოცემულობამდე მიგვიყვანოს. შესაძლოა, ზოგიერთი პოლიტიკოსი ამ პოზიციას არ ეთანხმება, თუმცა მთავარი დიდი სურათის დანახვაა და არა მოკლევადიან პერსპექტივებზე გათვლა. როგორც ვთქვი, ეს სწორი გზაა და მნიშვნელოვანია პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება მის გარშემო, საქართველომ უნდა შეძლოს, დასავლეთის ყურადღება სწორად გამოიყენოს საკუთარი მომავლისთვის. ვერავინ უნდა შეძლოს, ამ პერსპექტივას რაიმე ტიპის ზიანი მიაყენოს. მითუმეტეს, მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესებით მოქმედმა ჯგუფებმა“, - განაცხადა ბრეიდმა.
ამერიკელმა თადარიგის პოლკოვნიკმა უკრაინაში განხორციელებულ რუსულ სამხედრო აგრესიაზეც ისაუბრა.
„რა იქნება ამ ომის შედეგი და როგორი იქნება დასასრული, ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა ნათელია, რომ რუსეთი ომს ვერ მოიგებს. კიევში შეჭრის და მთავრობის სწრაფი დამხობის თავდაპირველი გეგმა ოპერატიული და ტაქტიკური კუთხით ჩავარდა. რუსეთმა თავდაპირველი გეგმიდან უკან დაიხია, თუმცა გაიძლიერა პოზიციები აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში, სადაც უკრაინელები მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევენ. დღეს უკრაინელ სამხედროებს აქვთ უპირატესობა - მოტივაცია , რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება შეიარაღებულ ძალებს განაგრძოს საკუთარი ქვეყნის დაცვა. ვფიქრობ, ჩვენ ახლა გაჭიანურებული ომის ახალ ფაზაში შევდივართ. რუსული სამხედრო ძალები, სავარაუდოდ, შეეცდებიან უკრაინა მოწყვიტონ შავ ზღვას, რათა მეტად დააზიანოს უკრაინის ეკონომიკა. პოზიციების გასამაგრებლად, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში საინჟინრო სამუშაოებს უკვე ატარებს. ასე რომ, უკრაინა და დასავლეთი მზად უნდა იყვნენ ხანგრძლივი და შესაძლოა, უფრო სისხლისმღვრელი ომისთვის. ეს ხანგრძლივი ომი ტექტონიკურ ცვლილებებს გამოიწვევს ევროპაში, ძალთა ბალანსისა და ქვეყნებს შორის კონკურენციის კუთხით. სამხედრო მიმართულებით, ჩვენ უკვე ვხედავთ ნატოს არა მხოლოდ გაძლიერებას, არამედ გაფართოებასაც შვედეთისა და ფინეთის ალიანში გაწევრიანების სურვილით. ეკონომიკური კუთხით კი, თვალს ვადევნებთ, როგორ ეძებენ ევროპული ქვეყნები ზღვაზე გასასვლელებს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად, რაც გადამწყვეტი იქნება უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად.
და ბოლოს, დიპლომატიური და პოლიტიკური თვალსაზრისით ცვლილებებს, პირადად მე, ვუწოდებ რეალისტურ პრიზმაში დაბრუნებას. 20 წლის წინანდელი შეხედულებები ისტორიის დასასრულს მცდარი აღმოჩნდა! ამიტომ, მსოფლიო ახლა ხურავს ისტორიის ერთ გვერდს და ემზადება ახალი გვერდის დასაწერად. ეს ცვლილებები ეკონომიკური და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით, ისტორიულ შესაძლებლობებს ხსნის საქართველოსთვისაც - ოფიციალურად ბევრად სწრაფად გახდეს დასავლური სივრცის მნიშვნელოვანი მოთამაშე“, - განაცხადა მკვლევარმა.
კიდევ რის შესახებ ისაუბრა რიჩარდ ბრეიდმა, ნახეთ „იმედის კვირის“ რეპორტაჟში.