logo_geo
eng_logo
ისევ ტაში, კუკური!!! (ციკლიდან: "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი")
- +

15 აგვისტო. 2016. 01:30


„Facebook“ ბორგავს, გმინავს, კივის, აღშფოთებას ვერ მალავს თ.ხაჩიშვილის პარტიის სარეკლამო რგოლის გამო.

 

 სკანდალია, თანაც როგორი!

 

ვინც ეს ჩაიფიქრა და მშვენივრად გამოიყენა არსებული კანონმდებლობა, პროფესიონალია!

 

 იცის, რა უნდა და იცის, როგორ მიაღწიოს იმას, რომ აღმოჩნდეს ყურადღების ცენტრში.

 პროვოკატორია!

 

 თანაც მაგარი, ყველაფრის მკადრებელი, ბინძური... მაგრამ არცთუ უჭკუო! იცის, რომ ყურებზე ხახვს ვერავინ დააჭრის.

 

 რამეთუ კანონი იცავს! კანონი!!!!!!

 

 და საზოგადოებრივ მაუწყებელსაც სულ ტყუილად უქნევენ თითს.

 

 მას არა აქვს უფლება, ერთი წერტილი თუ მძიმე შეცვალოს ამ სარეკლამო რგოლში.

 

 კანონი გვაქვს ასეთი! კანონი!!!!!

 

არც ამ კლიპის დაბლოკვის უფლება აქვს.

 

დიახ, ვერ დაბლოკავს, რამეთუ დაბლოკავს თუ არა, კანონს დაარღვევს და პასუხსაც მოსთხოვენ. თანაც, კიდევ უფრო დიდი სკანდალი აგორდება.

 

ამიტომ, საზმაუ კი არ უნდა ვაგინოთ, კანონი უნდა მოვიყვანოთ რეალობასთან შესაბამისობაში.

 

მანამდე რა ვქნათ?

 

მანამდე, ჩემი რჩევაა, ყურადღებას ნუ მივაქცევთ ამ ბოდვას.

 

არავითარი ყურადღება!!!!

 

დუმილია საჭირო, დუმილი!

 

არშემჩნევა!

 

არდანახვა!

 

აბსოლუტური იგნორირება.

 

 და გასკდნენ გულზე!

 

ჯერ კიდევ ორი-სამი კვირის წინ ვწერდი და ვვარაუდობდი ამ "სკანდალს". თუ გახსოვთ, მაშინ ხაჩიშვილმა სკანდალურად დატოვა "იბერიის" ტელეარხის გადაცემა "პრიორიტეტი" და სკანდალიც ააგორა. მოითხოვა ჩემთან დებატები! ვიცინე, მაგრამ... მაგრამ, მაშინ, ეტყობა, ვერ „ვიცინე-ვიკივლე“ ჯეროვნად, ისე, რომ ყურადღება ვერ მივიქციე.

 

 ახლა უკვე კოლეგებიც „ითხოვენ" იმას, რაც ჟურნალისტიკაში ისედაც ცნობილი კლასიკაა.

 

 აი, ფრაგმენტი იმ ტექსტიდან:

 

"...რა თქმა უნდა, ხაჩიშვილის "გუნდმა" ჩინებულად იცის საკუთარი შესაძლებლობები და, ვფიქრობ, არავითარი ილუზია არ უნდა ჰქონდეთ წინასაარჩევნო მარათონის შედეგებთან დაკავშირებით.

 

 მაგრამ ხაჩიშვილისტებმა ისიც კარგად იციან, რომ ამ "სკანდალური" გზით შეუძლიათ, მუდმივად თუ არა, ინტენსიურად მაინც დაიმკვიდრო ადგილი მედიასივრცეში სენსაციების მოყვარულ მოჟურნალისტო ელემენტებთან თუ "მონათესავე" რესპონდენტებთან დიალოგის (დებატების, კამათის, ლამძღვა-გინების და ა.შ.) გზით.

 

„პრიორიტეტი" ამის თვალნათელი მაგალითია. სხვათაშორის, მისთვის ეს პირველი არ არის და, როგორც ჩანს, არც უკანასკნელი.

 

 საზოგადოდ ცნობილია, რომ დიდი ძალის მქონე მედიას ერთი პუბლიკაციით შეუძლია „ვარსკვლავად" (დადებითად თუ უარყოფითად) აქციოს ესა თუ ის პერსონა. მაგრამ ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებმა (მხოლოდ ბეჯითმა და არა...) პირველივე კურსიდან იციან ის ანბანური ჭეშმარიტება, რომ ათჯერ, ასჯერ უფრო დიდ ეფექტს იძლევა, ჟურნალისტური ჟარგონით რომ ვთქვათ, „არდანახვის", „არშემჩნევის" პრაქტიკა. მედიის ასეთი შეგნებული „სიბრმავე" სასიკვდილო განაჩენია ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, მით უმეტეს, თუ საზოგადოებას მანდამაინც გულზე არ ეხატება იგი...

 

მესმის, რომ საქართველოს სამართლებრივი სივრცე სასჯელის ამ უმაღლეს ზომას საბედნიეროდ აღარ ცნობს. მაგრამ, არავის აუკრძალავს მისი გამოყენება მედიასივრცეში. პირიქით!

 

 სამწუხაროდ ამ პრაქტიკას არავინ იყენებს, რამეთუ ქართული მედიასივრცე, განსაკუთრებით ტელევიზია, ცოცხლობს... სკანდალით! განსაკუთრებით იმ სკანდალით, რომელიც მეტწილად პოლიტიკას და პოლიტიკოსებს ეხებათ.

 

 ამაზრზენია ეს რეალობა!

 

 და რომ ყველამ დაიკავოს ამ მხრივ პრინციპული პოზიცია, მივიღებთ ჯანსაღ გარემოს, ანუ ნაკლებ სკანდალს, ნაკლებ სიბინძურეს, ნაკლებ პრიმიტივიზმს...

 

 ეს „ეკოლოგიურად" სუფთა გარემო საზოგადოების წინაშე გააშიშვლებს ყველა მედიასტრუქტურას, მათ ნამდვილ, რეალურ სახეს, რეალურ „ღირებულებას", რაც უმალ იმოქმედებს ე.წ. „რეიტინგულობაზე"...

 

 ჰოდა, მაღალი რეიტინგის მიღწევას ამ სკანდალების და მარაზმის გარეშე სჭირდება უფრო მეტი ძალისხმევა - პროფესიონალიზმის და ზნეობრიობის მაღალი სტანდარტი.

 

 საკითხავია, რამდენი ტელევარსკვლავი თუ მოჟურნალისტო გოგო-ბიჭუნა „გაქაჩავს" აუდიტორიის შენარჩუნებას ამ გზით, ამ მეთოდით, ამ ტექნოლოგიებით?

 

 ვფიქრობ, ცოტა, ძალიან ცოტა! მათ შორის, დარწმუნებული ვარ, არ იქნებიან ისინი, ვინც ცნობილია სკანდალური ელფერის მქონე, სხვისი თეთრეულის ქექვის, ჭუჭრუტანაში ცქერის დაუოკებელი სურვილით აღსავსე პუბლიკაციებით, ვისი გვარ-სახელი ახლა ყველას რომ აკერია პირზე, რამეთუ მათი მწირ განათლებას (უპირველესი ნიშანი), რესპონდენტთან ურთიერთობის ტექნოლოგიის სიღარიბეს და აშკარა პროვინციალურ-პრიმიტიულ ყელყელაობას ვერ გადაფარავს ვერც ხმის ტემბრი, ვერც ჭრელ-ჭრულა სამოსი და ვერც აშკარა უკულტურობა, მით უმეტეს, მდიდარი სექსუალური ცხოვრებით ტრაბახი, რომელიც ჩვეულებრივ, ადამიანურ სილაღედ უნდათ „შემოგვასაღონ"...

 

 ყველაფერი, რასაც ახლა ვამბობ, ჩემმა მეგობრებმა ცხელ გულზე ნათქვამ სიტყვად მიიღეთ, რომლის მიზანი მაინც გარკვეული ინფორმაციის მოწოდება გახლავთ ვიღაც-ვიღაცეების წამონაროშის ასახსნელად!

 

 რაც შეეხება დებატებში ჩემს გამოწვევას, ისე და იქამდე არ აუდგა გვერდები მავანს (რესპონდენტს თუ წამყვანს), ვიდრე მიხილავს ამ სეირისა და მარაზმის მონაწილედ!..

 

 და ბოლოს, ამ კლიპის, განსაკუთრებით კი „რუსულ პენსიის“ სატყუარასა და „ბაზებზე“ ატეხილმა წიოკობამ, გამახსენა ერთი ძველი ანეკდოტი, ზედგამოჭრილი დღევანდელ სიტუაციაზე:

 

 ექიმს მიაკითხა ერთმა ასაკოვანმა კაცმა. შესჩივლა, სექსთან მწყრალად ვარო...

 

 -რამდენი წლის ბრძანდებით, ბერიკაცოო, - ჰკითხა ექიმმა.

 

 -70- გადავცილდიო უკვე, - იყო პასუხი.

 

-მოგსვლიათ, ბატონო, ის ასაკი, სექსზე რომ აღარ იოცნებოთო, - შეაპარა ექიმმა.

 

 ბერიკაცი აღშფოთდა: რას ლაპარაკობთ, მეგობარი მყავს, ჩემზე ორი წლით უფროსი და კვირაში ორჯერ აქვს სექსი..

 

 -კი მაგრამ, ასე დაბეჯითებით რომ მიმტკიცებთ თქვენი მეგობრის "ვაჟკაცობას", საიდან იცით, იმ თქვენს მეგობარს რამდენჯერ აქვს სექსი?...

 

 -თავად ლაპარაკობსო, - უპასუხა "პაციენტმა".

 

 ექიმს გაეღიმა და რჩევა მისცა: თქვენც თქვით, ვინმე ლაპარაკს გიშლითო...

 

ასეა ხაჩიშვილის და კომპანიის საქმე: ილაპარაკონ, დაჰპირდნენ, ნეტავი თქვენ... მანამდე კი... ისევ ტაში, კუკური!!!!


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner