logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილმა გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის HCL Technologies - ის დელეგაციასთან საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობა განიხილა
- +

23 მაისი. 2022. 18:17

 

 

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც შვეიცარიის ქალაქ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება, გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის HCL Technologies - ის ეკოსისტემების მიმართულების ხელმძღვანელს კალიან კუმარს შეხვდა.

 

შეხვედრაზე განიხილეს HCL Technologies -ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის და საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე მიწოდების ფილიალის გახსნის შესაძლებლობები. დადებითად შეფასდა საგადასახადო რეჟიმი, რომელიც ვრცელდება საერთაშორისოს სტატუსით მომუშავე აითი კომპანიებზე და ითვალისწინებს მათზე საგადასახადო შეღავათების მინიჭებას. ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელსაყრელ პირობებს ქმნის გლობალური ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში შემოვლენ და აქედან მიაწვდიან საკუთარ ტექნოლოგიურ პროდუქტებს საერთაშორისო ბაზრებზე.  

 

ასევე ყურადღება გამახვილდა სხვა ღონისძიებებზეც, რომელთაც საქართველოს მთავრობა მიმართავს ქვეყანაში ეკოსისტემის განვითარებისა და ადგილობრივი კადრების გადამზადების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ამჟამად ახორციელებს 3,000 IT - პროფესიონალის სასერტიფიკატო გადამზადების პროგრამას, ხოლო 2022 წლიდან აღნიშნული უწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გადაამზადებს დამატებით 5,000 სპეციალისტს, რაც დამატებით არგუმენტია უცხოური კომპანიებისთვის საქართველოში ოფისის გასახსნელად.   

 

აღინიშნა, რომ HCL Technologies მსოფლიოს 52 ქვეყანაში საქმიანობს, მათ შორისაა, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, აშშ, ბელგია, ისრაელი, საფრანგეთი, ლიეტუვა, ფინეთი და სხვა. 

 

შეხვედრის დასასრულს, ქართულმა მხარემ HCL Technologies მოიწვია საქართველოში ადგილობრივი ბაზრისა და მისი საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლის მიზნით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner