რუსეთის პარლამენტის უცხო სახელმწიფოების მიერ რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევის ფაქტების გამომკვლევი კომისიის ხელმძღვანელმა, ვასილი პისკარევმა საქართველო იმ ქვეყნებს შორის დაასახელა, რომლებიც რუსული მედიის მიმართ დისკრიმინაციული და აგრესიული ქმედებებით გამოირჩევიან.
პარლამენტარის თქმით, ბოლო ხუთი წლის ანალიზმა აჩვენა, რომ ლატვია, საფრანგეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ლიეტუვა, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, კანადა, ესტონეთი, რუმინეთი ყველაზე აგრესიულად იქცევიან რუსული მედიის მიმართ.
„რუსული მედიის დისკრიმინაციის საპასუხოდ სარკისებური ზომების შესახებ კანონპროექტი იქნება ჩვენი პასუხი“, - აღნიშნა პისკარევმა.
რუსმა პარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ საუბარია ოფიციალური ღონისძიებების დროს აკრედიტაციაზე უარის თქმაზე და საბანკო მომსახურებისას დაბრკოლების შექმნაზე, ასევე მაუწყებლობის შეწყვეტაზე, საზღვარზე დაკავებასა და მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაკავებასა და დაპატიმრებაზე.