logo_geo
eng_logo
თბილისის მერია დედაქალაქის სკვერებში ხე-მცენარეების შეწამვლის საკითხზე განცხადებას ავრცელებს
- +

23 მაისი. 2022. 23:41

 

 

“მცენარეების შეწამვლა მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომელიც ბოლო წლებია დედაქალაქში რეგულარულად ხორციელდება, აქამდე არ დაფიქსირებულა ადამიანისა თუ ცხოველის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების არც ერთი შემთხვევა,” – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

მათივე ინფორმაციით, წამლობის მეთოდიკა და შესაბამისი ნივთიერებები კვალიფიციური სპეციალისტების რეკომენდაციით შეირჩევა.

 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც თბილისის სკვერებში ხე-მცენარეების შეწამვლის პროცესია ასახული. აღნიშნულმა ვიდეომ საზოგადოების ნაწილის ინტერესი გამოიწვია - იწვევს თუ არა შეწამვლის პროცესი ტერიტორიის დაბინძურებას.

 

გაცნობებთ, რომ მცენარეების შეწამვლა მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომელიც ბოლო წლებია დედაქალაქში რეგულარულად ხორციელდება. ეს ხე-მცენარეებსა თუ ბუჩქოვან მცენარეებს სხვადასხვა მავნებლებისგან და დაავადებებისგან იცავს.

 

წამლობის მეთოდიკა და შესაბამისი ნივთიერებები კვალიფიციური სპეციალისტების რეკომენდაციით შეირჩევა. ყველა პრეპარატი აპრობირებულია საერთაშორისო დონეზე, ასევე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული, საქართველოში რეგისტრირებული პესტიციდების ნუსხაშია წარმოდგენილი.

 

წამლობა ხორციელდება ღამის საათებში, როდესაც გამწვანებული ზონები დამსვენებლებისგან დაცლილია.

„ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სამუშაოების წარმოების დროს იყენებენ სპეციალურ აღჭურვილობას, რადგან მათ ყოველდღიურად უშუალო შეხება აქვთ პრეპარატებთან, როგორც შეწამვლის დროს, ასევე გაზავებამდე, როდესაც ისინი მაღალი კონცენტრაციისაა.

 

„ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ თბილისის მცენარეული საფარის წამლობა, გარდა ზამთრის სეზონისა, მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს. აქამდე არ დაფიქსირებულა ადამიანისა თუ ცხოველის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების არცერთი შემთხვევა.

 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ წამლობის პროცესის შეფერხება ან შეწყვეტა გამოიწვევს შეუქცევად პროცესებსა და თბილისის მცენარეული საფარის დიდი ნაწილის განადგურებას“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner