logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების ბანაკი მოიცავს სერიოზულ საკითხებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის საინტერესოდ უნდა იქნას მიწოდებული
- +

24 მაისი. 2022. 13:23

 

 

„ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების ბანაკი მოიცავს სერიოზულ საკითხებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის საინტერესოდ უნდა იქნას მიწოდებული, საქართველოს პარლამენტი, კი   სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკის განმსაზღვრელია და მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში აქტიურად ვმონაწილეობთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახალგაზრდული პროექტის - „ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ბანაკის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

ღონისძიებას, რომელიც  ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან თანამშრომლობით გაიმართა, საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა. შალვა პაპუაშვილმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების ბანაკი მოიცავს სერიოზულ საკითხებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის საინტერესოდ უნდა იქნას მიწოდებული.  საქართველოს პარლამენტი სწორედ ის ადგილია, რომელიც პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკის მიმართულებით  განსაზღვრავს  და ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს და მის ხელმძღვანელს, დავით სონღულაშვილს, რომ ამ პროექტში აქტიური მონაწილეობის საშუალება აქვს პარლამენტსაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად,  ახალგაზრდებს მიეწოდებათ ინფორმაცია იმ ახალი პროფესიების შესახებ, რომლებიც გლობალური ეკონომიკის შინაარსის ცვლილებასთან ერთად, მათ შორის, საქართველოშიც წარმოიშობა.

 

„პროფესია - გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ცალკე იქნა  დამკვიდრებული მას შემდეგ, რაც პარლამენტმა გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონი მიიღო. ასევე, იცით, რომ პარლამენტმა მიიღო „ მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი და ამჟამად მუშაობს „აღსრულების კოდექსზე“.  ეს სამი დიდი კანონი მნიშვნელოვანია ერთის მხრივ იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი დიდი ნაბიჯი და მეორეს მხრივ, ეს წარმოადგენს ახალ ფილოსოფიას  როგორც გადახდისუუნარობის საკითხებისადმი, ასევე, სამეწარმეო სამართლისადმი მიდგომის მიმართულებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროპულ ბიზნეს ასოციაციას (EBA) ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და პროექტის წარმატებით განხორციელება უსურვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner