თბილისის მუზეუმების გაერთიანების მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში რეაბილიტაცია - რესტავრაციის სამუშაოები იწყება.
26 მაისს, 12 საათზე, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართება მუზეუმის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროექტის პრეზენტაცია.
გარდა სამუზეუმო მემორიალური შენობისა, სარებილიტაციო სამუშოები იწყება მოქალაქე რუსუდან თორღვაშვილისგან გამოსყიდულ ფართში, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოისყიდა და თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმის შენობაში მდებარეობდა.
მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი 1991 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ინიციატივითა და თაოსნობით დაარსდა. მუზეუმმა ბინა დაარსებისთანავე დაიდო ზანდუკელის ქუჩის N1-ში, მემორიალურ სახლში, სადაც 1939 წელს დაიბადა და სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა.
სახლ-მუზეუმში დაცულია მერაბ კოსტავას პირადი ნივთები, მემორიალური ავეჯი, ბიბლიოთეკა, ხელნაწერები, ნოტებისა და გრამფირფიტების კოლექცია, მე-20 საუკუნის II ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფოტო და დოკუმენტური მასალა, პირადი წერილები, მისი თაოსნობით გამოცემული არალეგალური ჟურნალ-გაზეთები და სხვ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მუზეუმში დაცული კულტურული მემკვიდრეობა და სამუზეუმო ფონდი, შესაბამისი წესისა და ფასეულობათა დაცვის ინსტრუქციის შესაბამისად, გადატანილია დაცულ ადგილას შესწავლა-დამუშავებისთვის.
პროექტით გათვალისწინებულია ეპოქალური შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები ისე, რომ სრულად იქნება დაცული ძეგლი, როგორც არქიტექტურული თავისებურება, ისე სამუზეუმო საჭიროებები, შენარჩუნებული იქნება მემორიალობა და ავთენტური კედლები.
პროექტი ითვალისწინებს შენობის ადაპტირებასა და სხვადასხვა საჭიროების ადამიანებისთვის სრულ ხელმისაწვდომობას.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 18 თვეს მოიცავს და დასრულდება 2023 წლის ნოემბერში. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 1 052 786.00 ლარი.
პროექტით გათვალსიწინებულ სამუშაოებს შეასრულებს შპს „გრანიტი“.
რეაბილიტაციის პროცესს ზედამხედველობას გაუწევს პროექტის ავტორთა ჯგუფი და თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ფონდებისა და კოლექციების სამსახური.
აღნიშნული მუზეუმი ქვეყნის ისტორიისთვის მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის სიმბოლოდ მოიაზრება.
მუზეუმს დაარსების დღიდან, მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია, შესაბამისად, მისი მემორიალური თუ საექსპოზიციო სივრცეები ვერ პასუხობდა თანამედროვე მუზეუმისთვის საჭირო მოთხოვნებს.
ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ მიზანს წარმოადგენს, „ქ. თბილისის მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი“ გახდეს ახალი მიზიდულობის ცენტრი დედაქალაქში, როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, ასევე, საქართველოს უახლესი ისტორიით დაინტერესებულთათვის.