logo_geo
eng_logo
მანუჩარ პირველი: ყვავილებთან ერთად, ცრემლიც ბევრი გაჰყვება ალექსანდრე შენგელიას და მათ შორის იქნება ჩემი პატარა კურცხალიც
- +

24 მაისი. 2022. 14:53

 

 

ლეგენდარული ჟურნალისტის ალექსანდრე შენგელიას გარდაცვალებას აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი მანუჩარ პირველი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„უკანასკნელი სიტყვა ალექსანდრე შენგელიას.

 

რაიმე რომ შევალამაზო, მოვიტყუო ან დავმალო, ჩვენს ურთიერთობას იმდენი ცოცხალი მოწმე და თვითმხილველი ჰყავს, ეშაფოტზე ამიყვანენ და არ მაპატიებენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ გამოსათხოვარ სიტყვას ვწერ ალექსანდრე შენგელიას, დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ ჩვენი ურთიერთობა თითქმის ჩვენს გაცნობამდე, „ჯერ კიდევ ზეცაში დაიწერა“ და შემდეგ უილიამ ჰანამ და ჯოზეფ ბარბერამ ასახეს თავიანთ უცნობილეს მულტიპლიკაციურ სერიალში „ტომი და ჯერი“.

 

მე ის პატარა და უბედურისერთა ვიყავი - ჯერი.

 

ბატონი ალექსანდრე კი - ტომი, ჩვენი ქვეყნის დამსახურებული ჟურნალისტი, მრავალტირაჟიანი გაზეთის „ქუთაისის“ და „სარკმელი საქართველოსი“ რედაქტორი, საკმაოდ მკაცრი, მართალი, უკომპრომისო და შეუპოვარი ჟურნალისტი.

 

1993 წელს, როცა ჟურნალისტიკით ჩემი „მოწამვლა“ იწყებოდა, ჯერ კიდევ 14 წლით ადრე, 1979-ში, მის მიერ შექმნილი „კაკაბეთის ზარების“ ექო ისევ ქუხდა. ეს სატელევიზიოდ დარისხებული ზარები დანაშაულის და ბოროტების წინააღმდეგ მსოფლიო ჟურნალისტიკის ისტორიაში დღესაც უპრეცედენტო მოვლენა გახლავთ.

 

მაშინ ყაჩაღები ადამიანებს იტაცებდნენ ფულის გამოძალვის მიზნით ან დაშინების საბაბით, - მეთექვსმეტედ მოიტაცეს მოქალაქე. ამ გადაცემაში მისმა ავტორებმა ალექსანდრე შენგელიამ და ნუგზარ ფოფხაძემ კრიმინალს სახეში ისე დაუნდობლად ხეთქეს „რისხვით შეკრული მუშტი“, რომ გადაცემის დასრულებისთანავე ყაჩაღებმა ტელევიზიას დაუბრუნეს იმ დღეს გატაცებული გოგონა და ათეული წლები ასეთი რამ აღარ გაუმეორებიათ.

 

ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი წერის მანერა.

 

სკოლაში ხომ ვსწავლობდით რთულ ქვეწყობილ წინადადებას?! აი, ბატონი ალექსანდრე შენგელიას წინადადებები გრამატიკის წიგნშიც არ აიხსნება, ისეთები იყვნენ, - ურთულესი, კვადრატში აყვანილი ქვეწყობილი წინადადებები, ხუთჯერ უნდა წაგეკითხა, რომ დაგეჯგუფებია გონებაში, რომელი სიტყვა რომელ წინადადებას ეკუთვნოდა. მე დათვლილი მაქვს, ერთხელ მისი ერთი წინადადება 65 პეტიტით აწყობილი სტრიქონი იყო.

 

ჩემს ბავშვობაში, ჟურნალისტობა ასე ხელწამოსაკრავი პროფესია არ გახლდათ, დღეს რომაა. ქუთაისში, კორიფეები ატარებდნენ ამ ტიტულს: გივი მეფისაშვილი, რუთა ბეროძე, სერგო მაღლაფერიძე, სპარტაკ ქობულია, თამაზ ხარაბაძე, გიგა ყურაშვილი, ვაჟა თევდორაძე…

 

ამიტომაც, განსაკუთრებით იცავდა ამ პროფესიის სახელს და ცდილობდა, შემთხვევით არ „მივტმასნოდით“ მათ რიგებს ჩვენც - გამოუცდელი ახალგაზრდები.

 

მახსოვს, ამ 28 წლის წინ, პირველად რომ დავაწესეთ და აღვნიშნეთ ჟურნალისტიკის დღედ 21 მარტი, ზუსტად იმ წელს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრად მიმიღეს. სანამ საღამოს ბანკეტი გაიმართებოდა, მოვიფიქრეთ და წეს-ტრადიციად დავამკვიდრეთ, რომ ყოველწლიურად გვირგვინით ვესტუმრებოდით ილია ჭავჭავაძის განსასვენარს მთაწმინდაზე.

 

რომ ჩამოვქვეითდით მანქანებიდან და ფეხით შევუყევით ბოლო საფეხმავლო აღმართს მთაწმინდისაკენ, დავინახე, ჩემს წინ პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი დაწინაურდა - სულ ქოშინით მიდიოდა, გული ჰქონდა ამოვარდნილი.

 

ვინც იცის ბოლო ასასვლელი გრიბოედოვის პანთეონამდე, ის მიმიხვდება, როგორი დაკიდებული აღმართია იქ.

 

ჰოდა, ბერიკაცი მიდის წინ, უჭირს ასვლა, აგერ მესმის ქოშინის ხმა, ვერ მოვითმინე, წამოვეწიე ახალგაზრდა ბიჭუნა, ხელკავი შევაშველე და ასე „ავირბინეთ“ ის აღმართი.

 

მეორე დილით, გაზეთ „ქუთაისის“ პირველივე გვერდზე მეორე თუ მესამე აბზაცად ამოვიკითხე ალექსანდრე შენგელიას სიტყვები: „და რა ეშველება იმ ყმაწვილკაცს, რომელმაც აქაოდა ტელეკამერების ობიექტივში მოვხვდეო, აღმართზე წამოეწია და ფამილარული ხელკავი გამოსდო პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანსო“.

 

მაშინ პატარა ვიყავი და აი, ფილმ „პირველ მერცხალში“ რომ ახალგაზრდა ბიჭს, დუტუ ჩიჩუას გაუხარდება, „მეცა ვარ ნახსენებიო ივერიაშიო“, ზუსტად მასე დამემართა. თან ხმას როგორ ამოვიღებდი, ილია გაგულაშვილის „ოსტაპ ბენდერობის“ თემა ჯერაც საკვირაო სერიალებად იბეჭდებოდა ალექსანდრე შენგელიას საგაზეთო სვეტებში.

 

მის შემდეგ, ერთხელ გაზეთიც „დამიპატიმრა“, - „ბებიებს ასწავლიან პატარა ბავშვები“ - ამ სათაურის სტატიით მოვარდნილ რიონს გამატანა.

 

მაგრამ, მე რა ეშმაკი „ჯერი“ ვიქნებოდი, რომ მისი ჩემდამი ასეთი საქციელის მიზეზ-მიზანს არ მივხვედრილიყავი: ერთხელაც, თოვლიან რუსთაველზე ფეხით რომ მივიკვლევდით გზას სახლებისკენ, ჩაბნელებულ ქუთაისში, მაშინ წამოცდა: „მეო, ვიციო, როგორი საშინელი და დათვური სამსახური შეიძლება გაგიწიოს შენი სახელ-გვარის ბეჭდური სახით გაზეთის ფურცლებიდან ამოკითხვამო; როგორი ადვილია ამან ხიბლში ჩაგაგდოსო, და როგორი ძნელია ამ პოპულარობასთან გამკლავებაო“.

 

მის შემდეგ, ქალაქის მერის საორშაბათე პრესკონფერენციებს პატარა ჩანახატებად გარდავქმნიდი, ფსევდონიმით მოვაწერდი ხელს და მთელი წლის განმავლობაში არ ჩამოვდიოდი გაზეთის პირველი გვერდიდან. თვის ბოლოს, ხშირად ჩემი ჰონორარი სტაჟიანი ჟურნალისტების ხელფასსაც კი უტოლდებოდა მაშინ.

 

ემიგრაციაში წამოსვლის შემდეგ, ტელეფონით შევეხმიანებოდი ხოლმე. ხანდახან, წერილსაც მივწერდი. ერთხელაც, ჩემი წიგნი გავუგზავნე.

 

მერე იყო, ცხონებული ლეილა ლაითაძის გასვენებაში, თურმე, მიწას ფეხი არ დამაკარებინა, იმდენი მაქო და მეფერა ჩემს მასწავლებელთან.

 

დატკბა, დაიშაქრა და დაითაფლა შემდეგ ჩვენი ურთიერთობები, არ გამოეპარებოდა ჩემი წერილი თუ ჟურნალი, პატარა წარმატებები, ოთარ სეფიაშვილის „ილუზიონი“ რომ აღვადგინე სასტამბო კაბადონებში და ისტორიისთვის გადავარჩინე ის ტექსტები, ამაზე იმხელა წერილი მომწერა, ცრემლებად ვიღვრებიო.

 

მერე, ფეისბუქში დამიმეგობრდა „ტომი“ და კომენტარებში ხან მე მეფერებოდა და ხან ჩემს ქალიშვილს, კესანეს.

 

და ზეგ, 26 მაისს, მისი მშობლიური ქუთაისის მარად წიაღში დაიდებს ბინას.

 

და მე ახლა მახსენდება მისივე სეხნიას, ოღონდ პოეტ ალექსანდრე შენგელიას სტრიქონები:

 

„…თუ დავეცე, ნუ მიტირებთ დანანებით,

ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი,

საქართველოს ლამაზებო,

საქართველოს მანანებო,

დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები…“

 

ქუთაისში ყვავილებთან ერთად, ცრემლიც ბევრი გაჰყვება ალექსანდრე შენგელიას და მათ შორის იქნება ჩემი პატარა კურცხალიც“, - წერს მანუჩარ პირველი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner