„მიუხედავად იმ ხარვეზებისა, რაც გვაქვს მმართველობაში, ქართველ ხალხს მმართველობაში ურჩევნია მაინც „ქართული ოცნება“ და არა ასე სიცრუისა და ტყუილის მოლაპარაკე ოპოზიცია“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ზარქუა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა.
„თქვენ ამერიკის საელჩოს დასდეთ ბრალი, რომ დაასანქცირა კონკრეტული მოსამართლე, რომელმაც თავისი შეხედულების მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება? შემდეგ იმ ქვეყნების მაგალითი მოიყვანეთ, რომლებსაც პრეტენზიაც კი არ აქვთ დემოკრატიაზე და რომელთა არჩევნებზეც საერთაშორისო თანამშრომლობას აქვს ერთნაირი პოზიცია, რომ იქ არის დიქტატურა. საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნები შეფასებულია როგორც ღია, გამჭვირვალე, ხარვეზებით, თუმცა, სადაც ყველას ჰქონდა უფლება, არჩევანი გაეკეთებინა. დარწმუნებული ვარ, ამაზე ამერიკის საელჩო რეაგირებას მოახდენს და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.
ასევე, მინდა, ვთქვა, რომ ოპოზიციასთან ერთად, მათ შორის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პენსიონერებთან მიმართებაში. შედგა კომისია, რომელმაც იმუშავა განახლებულ პირობებზე და დაახლოებით, 36%-იანი განაკვეთი საპენსიო სესხებზე ერთობლივი გადაწყვეტილებით ჩამოვიყვანეთ 26%-მდე. რადიკალური ოპოზიციიდან იყო მცდელობა, რომ თურმეო, 15 მილიონს უხდიანო ამაში „ლიბერთი ბანკსო“ და ამაზე ტაში უნდა დავუკრათო. იყო მცდელობა რომ კიდევ ერთი არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ ჩვენი მოქალაქეებისთვის. 400 მილიონიანი პორტფელია. 10%-იანი ფასდაკლება რა გამოდის? ანუ 40 მილიონი წელიწადში. 40 მილიონი ჩვენი დავუტოვეთ ერთის მხრივ, ჩვენს პენსიონერებს და მეორეს მხრივ, 40 მილიონი გამოვართვით „ლიბერთი ბანკს“. სანაცვლოდ 15 მილიონი - გადაიხდის ამას სახელმწიფო. 40 მილიონსა და 15 მილიონს შორის სხვაობას ვერ ხედავთ? მგონია, რომ რადიკალურ ოპოზიციას ამ ციფრებთან პრობლემა აქვს“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
„როდესაც არ აწვდით და ინტერპრეტაციას აკეთებთ, რომ მიუხედავად იმ ხარვეზებისა, რაც გვაქვს მმართველობაში, ქართველ ხალხს მმართველობაში ურჩევნია მაინც „ქართული ოცნება“ და არა ასე სიცრუეზე და ტყუილზე მოლაპარაკე ოპოზიცია“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.