„ადამიანებს, ვინც დღეს აქტიურად არიან დაკავებული ღია პოლიტიკური სპეკულაციით ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოყენებით (მიუხედავად ამ საქმის რეზონანსულობისა), მათ არც საქართველოს ინტერესი და ქვეყნის მომავალი ანაღვლებს, არც სიტყვის და არც მედიის თავისუფლება და არც თვითონ ნიკა გვარამია. ისინი იბრძვიან არა ნიკა გვარამიას უფლებებისთვის, არამედ სულ სხვა მიზნებისთვის, მათ შორის ძალაუფლებისთვის, რომლის ხელში ჩაგდების დაუოკებელი წყურვილი კლავს დღეს არაერთ ავანტიურისტს საქართველოში“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ევროპულობა არ ნიშნავს იმას, რომ დანაშაულის ჩამდენი ხელშეუხებელი იყოს, არ სამართლდებოდეს, ან სხვისგან განსხვავებულად სამართლდებოდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის პოლიტიკოსი, ან პოლიტიკური მედიის მესვეური.
„ევროპულობა არც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივ საკითხებს სასამართლოს ნაცვლად პოლიტიკოსები წყვეტდნენ და ისიც არა ფაქტების, არამედ ზედაპირული აღქმების საფუძველზე და მათ შესაბამისად. ამიტომ, ყველამ უნდა მოთოკოს ემოციები, პოლიტიკური ქვენაგრძნობები თუ პოლიტიკანური ამბიციები და მისდიონ და დაელოდონ სამართლებრივ პროცესს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ჩათვლით, როგორც დაველოდეთ საკუთრივ ერთი ცნობილი ტელევიზიის საკუთრებაზე დავის გადაწყვეტას (თუმცა ზოგიერთები არც დაელოდნენ). მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანია იმის მკაფიოდ აღნიშვნა, რომ არავის აქვს უფლება (არც ლოგიკური, არც მორალური, არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი), რომ ქართველი ერის ისტორიული არჩევანის აღსრულება "პიარულად" დაუკავშიროს ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ბედს. არ მგონია, რომ ეს ან სამართლიანია, ან ლოგიკურია, ან კანონზომიერია, ან თუნდაც უბრალოდ მართებულია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.