logo_geo
eng_logo
„დროა, სააკაშვილს მოპარული მილიონები დავაბრუნებინოთ!“ - ლევან მამალაძე განცხადებას ავრცელებს
- +

8 მარტი. 2016. 16:25



„სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობისას, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და ჩვენი მეზობლისგან ნავთობისა და გაზის სატრანზიტო ფუნქცია, პირადი გამორჩენისთვის გამოიყენა", -  სტარტეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:


„სტარტეგიული დაგეგმარების ცენტრს შესწავლილი გვაქვს მსოფლიოს ენერგეტიკის სფეროს საკითხები და კარგად ვფლობთ საქართველოში არსებულ ვითარებას! სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობისას, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და ჩვენი მეზობლისგან ნავთობისა და გაზის სატრანზიტო ფუნქცია, პირადი გამორჩენისთვის გამოიყენა.

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. აზერბაიჯანელ ხალხთან გვაკავშირებს მარავალსაუკუნოვანი ისტორიული და დღევანდელ, გლობალურ მსოფლიოში ერთობლივი მოქმედება, ტრანსნაციონალური პროექტების განხორციელება!

 

აზერბაიჯანმა თავისი ეროვნული სიმდიდრის, ნავთობისა და გაზის ტრანზიტისთვის საქართველო აირჩია ძირითად პარტნიორად. საქართველომ სწორედ აზერბაიჯანთან მეგობრობით დაიმკვიდრა სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც აზერბაიჯანისა და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტების ჰეიდარ ალიევის და ედუარდ შევარნაძის ახლო მეგობრული ურთიერთობით იყო განპირობებული. ბაქოს- თბილისი- სუფსის ნავთობსადენი, ბაქო- თბილის- ერზრუმის გაზსადენი, ყულევისა და სუფსის ტერმინალები და სხვა ამ თანამშრომლობის კონკრეტული მაგალითია.

 

 

2006 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანია „SOCAR"-მა საქართველოში აქტიური საინვესტიციო საქმიანობა დაიწყო. ამისთვის მას სჭირდებოდა ჩვენი სახელმწიფოს თანადგომა, რომ ერთობლივი საქმიანობა გაემართათ. იმის ნაცვლად, რომ მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს დაეცვა სახელმწიფო ინტერესები და აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიისთვის პარტნიორად ქართული სახელმწიფო კომპანია შეეთავაზებინა, სააკაშვილმა ოფშორული კომპანიები შეაქმნევინა ახლობლებს და წილში ჩაუჯდა აზერბაიჯანულ მხარეს. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, დუბაისა და სარჯჰში დაარეგისრტრირეს İntersun Holding FZCO, Eventus General Holding FZE კომპანიები და „SOCAR Energy Georgia"-ს 49% გაიფორმეს.

 

ქართველ საზოგადოებას არცთუ კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩვენი ხალხის ისტორიული მონაპოვარი, საქართველოს მდებარეობა და სატრანზიტო ფუნქცია მიითვისა.

 

საქართველო მადლიერია აზერბაიჯანისა და მისი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის. აზერბაიჯანულმა სახელმწიფო კომპანია „SOCAR"-მა მილიარდიანი ინვესტიციები განახორციელა საქართველოში, არა მარტო ენერგეტიკის სფეროში. სოციალური პროექტები, ჯანდაცვა, სპორტი და გაჭირვებულთა თანადგომა პრიორიტეტულია მათ საქმიანობაში. საქართველოს ბიუჯეტში შენატანებით „სოკარ ჯორჯია" პირველ ადგილზეა, 2015 წელს საბიუჯეტო გადასახადებმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა.

 

მაგრამ ერთი ნიშანდობლივი გარემოება არ უნდა გამოგვრჩეს! „სოკარ ჯორჯიას" 49% ოფშორულ კომპანიებს ეკუთვნის და იქიდან მიღებულ მილიონობით მოგებას, რომელიც პენსიების გაზრდასა და სოციალური პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარებოდა, დღესაც სააკაშვილის ჯიბეში მიდის!

 

რუსული კომპანია «Газпром» დიდი ხანია საქართველოში საქმიანობს. სომხეთზე გაზის ტრანზიტის 10% საქართველოს უფასოდ რჩება. „გაზპრომიდან" ბუნებრივი აირის ყიდვა ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, თუ მას საქართველოში მაგისტრალურ და ლოკალურ გაზსადენში მოცულობის გატარების უფლება ექნება. „გაზპრომთან" ენერგეტიკის სამინისტროს მოლაპარაკება განპირობებულ იყო სომხეთზე ტრანზიტის პირობების შეცვლის სურვილით და დამატებითი 500 მლნ კუბური მეტრი გაზის მიღებით დაბალ ფასებში, რასაც აფილირებულ კერძო კომპანიებს გააყიდვინებდნენ არსებული ტარიფებით. ეს რაოდენობა საქართველოს ზამთრის პერიოდში დამეტებით სჭირდება და დეკემბერში ამის მოწოდება „სოკარს" არ შეეძლო, ვინაიდან შაჰ-დენიზის საბადოებიდან მოპოვებული გაზი მთლიანად გაწერილი იყო არსებულ მომხმარებელზე.

 

ენერგეტიკის მინისტრმა სომხეთის ტრანზიტის პირობები „გაზპრომს" ვერ შეაცვლევინა, მაგრამ „სოკარ ჯორჯიაში" ოფშორების უკან მდგარი ქართველი მოწილეების საკითხი გამწვავდა.

 

სააკაშვილმა თავისი წილების დასაცავად ნაცად ხერხს მიმართა. ხალხის დასანახად, რუსული „გაზპრომის" შემოსვლის საწინააღმდეგო „ხელჩაკიდობანა" გამართა, რომელიც თვითონვე შემოიყვანა 2004 წელს. მიშას აქციის მთავარი მიზანი აზარბაიჯანის მხარდაჭერის მოპოვება იყო. ჯერ ერთი, რომ ძალა ეჩვენებინა, მეორე კი „სოკარ ჯორჯიას" 49%-ის მფლობელი ოფშორული კომპანიების მოწილეები არ შეევიწროებინათ!

 

ზამთარმა უკვე ჩაიარა, ენერგეტიკის სამინისტრომ და აზებაიჯანულმა სახელმწიფო კომპანია „სოკარმა" მოილაპარაკეს საქართველოსთვის დამატებითი მოცულობის გაზის მოწოდებაზე, შეღავათიან ფასებში. ეს დადებითი შედეგია, მაგრამ სააკაშვილის ოფშორების საკითხი გადაუწყვეტელი დარჩა!

 

დროა, საქართველოს პროკურატურა გათავისუფლდეს ზონდერებისგან, საქმე აღძრას სააკაშვილის მაქინაციებზე, გამოავლინოს ხსენებულ ოფშორებში მონაწილე პირები და სახელმწიფოს კუთვნილი ასეულობით მილიონი უკან დააბრუნოს.

 

საქართველოს ისტორიულად განსაზღვრული პოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობა, ბუნებრივი რესურსები, სატრანზიტო ფუნქცია და სხვა, ეს არ შეიძლება ეკუთვნოდეს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, რომელიმე ჩინოვნიკს, გვარად სააკაშვილს ან სხვას. ქართული სახელმწიფო და მისი სიმდიდრე ეკუთვნის ხალხს და ყოველივე, ჩვენი ხალხის ათასწლოვანი ბრძოლისა და შეუპოვრობის მონაპოვარია!" - ნათქვამია ლევან მამალაძის განცხადებაში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner