გაზეთი „პრაიმტაიმი" პაატა ბურჭულაძის პარტიაში შექმნილ ფინანსურ პრობლემებზე წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბურჭულაძეს მაისში ჩატარებული ყრილობის ვალები არ გაუსტუმრებია. კონტრაქტორი ორგანიზაციები კი, რომლებიც ბურჭულაძეს ყრილობის ორგანიზებაში დაეხმარნენ, ფულის ჩარიცხვას დღემდე ამაოდ ელიან.
როგორც სტატიაში წერია, საქართველოს მასშტაბით კოორდინატორები და პარტიის რიგითი წევრები უკვე მეორე თვეა, ჯამაგირს ვერ იღებენ. უფულობის გამო კი პარტია „კარდაკარის" პროგრამას ვერ ატარებს.
საქართველოს მასშტაბით მან პარტიული ოფისებიც საკმაოდ ძვირად დაიქირავა. სხვა პარტიების ინფორმაციით, მხოლოდ მარნეულის ოფისს პაატა ბურჭულაძე თვეში 4 ათას ლარად ქირაობს, მაშინ როდესაც ზოგიერთი პარტია დაახლოებით ამდენივე თანხას მთლიანად ქვემო ქართლის პარტიული სტრუქტურის შენახვაში იხდის.
ექსპერტების შეფასებით, ეს ან უცოდინრობის ბრალია - პაატასთვის პოლიტიკა ჩინური გრამატიკაა, ანდა ის უბრალო ავანტიურისტი აღმოჩნდა, რომელსაც „დიდი ფული ანდეს, მან კი ის არაკეთილსინდისიერად დახარჯა".
NDI-ის ბოლო კვლევების მიხედვით, პარტიას რეიტინგი თითქმის გაუნახევრდა. არჩევნების წინ მას მხოლოდ 6 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.