„ლევან იოსელიანის ინიციატივა მიუთითებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციაში მართლაც არიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ხვდებიან, რომ „ნაციონალურ მოძრაობისა“ და რადიკალური დესტრუქციული ბანაკის დღის წესრიგში ყოფნა, მომავალში, მათი დაღუპვის ტოლფასია. ამიტომ, ისინი ცდილობენ, რომ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული და ნორმალური ოპოზიციური პოლიტიკა აწარმოონ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკის“ ეთერში საუბრისას.
მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა ერთგვარი ლუსტრაცია და განაცხადია იმის დასანახად, თუ ვინ ემიჯნება იმ საქმიანობას, რომელსაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი ჰქვია.
„რეალურად, ლევან იოსელიანმა, ოპოზიციის ნაწილის დამოკიდებულება გაახმოვანა. ამის ქვეტექსტი გახლავთ ის, რომ ისინი არ არიან ის ოპოზიციონერები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას ებრძვიან და ოპონირებას უწევენ. ამით, ისინი ამბობენ - ჩვენ ვართ თქვენი, ხელისუფლების ოპონენტები, მაგრამ არა - ქვეყნის. ლევან იოსელიანის დღევანდელი განცხადება ჩემთვის ასე იკითხება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.