logo_geo
eng_logo
ბურჭულაძის და მისი ცოლის ზღაპრულ დასვენებას ევროპაში „იავნანა“ აფინანსებს?
- +

15 აგვისტო. 2016. 13:20


 

პაატა ბურჭულაძე შესაძლოა, პოლიტიკაში სერიოზული სკანდალის წინაშე აღმოჩნდეს. მსოფლიო ბანს მნიშვნელოვანი დავალიანება დაუგროვდა. ის ფულს არა მხოლოდ კოორდინატორებსა და რიგით წევრებს ვერ უხდის, არამედ ოფისის ხარჯებსაც ვერ ფარავს. მეტიც, მას ჯერ კიდევ მაისში ჩატარებული ყრილობის ვალები არ გაუსტუმრებია. კონტრაქტორი ორგანიზაციები, რომლებიც ბურჭულაძეს ყრილობის ორგანიზებაში დაეხმარნენ, ფულის ჩარიცხვას დღემდე ამაოდ ელიან", - ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი" წერს.

 

„დიდი უკმაყოფილებაა პარტიაშიც. საქართველოს მასშტაბით კოორდინატორები და პარტიის რიგითი წევრები უკვე მეორე თვეა, ჯამაგირს ვერ იღებენ. უფულობის გამო პარტია „კარდაკარის" პროგრამას ვერ ატარებს. ექსპერტების თქმით, „კარდაკარზე" ბევრად არის დამოკიდებული არჩევნების შედეგები. სწორედ მისი წყალობით ხდება ამომრჩევლის ჯერ იდენტიფიკაცია, შემდეგ მათი არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე მიყვანა.

NDI-ს კვლევებმაც აჩვენა, რომ პარტიაში რაღაც ისე არ არის. ბოლო კვლევების მიხედვით, მას რეიტინგი, შეიძლება ითქვას, გაუნახევრდა. ორი ნიშნულიდან (12%) ის ერთ ნიშნულზე დავარდა. არჩევნების წინ მას მხოლოდ 6%-იანი მხარდაჭერა აქვს.

 

არადა, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მდიდრული ჟესტით შემოვიდა. საქართველოს მასშტაბით მან პარტიული ოფისებიც საკმაოდ ძვირად დაიქირავა. სხვა პარტიების ლიდერების ინფორმაციით, მხოლოდ მარნეულის ოფისს პაატა თვეში 4 ათას ლარად ქირაობს, მაშინ როცა ზოგიერთი პარტია დაახლოებით ამდენივე თანხას მთლიანად ქვემო ქართლის პარტიული სტრუქტურის შენახვაში იხდის.

 

ექსპერტების შეფასებით, ეს ან უცოდინრობის ბრალია - პაატასთვის პოლიტიკა ჩინური გრამატიკაა, ანდა ის უბრალო ავანტიურისტი აღმოჩნდა, რომელსაც „დიდი ფული ანდეს, მან კი ის არაკეთილსინდისიერად დახარჯა".

 

ეჭვი შევიტანოთ? ვერ იქნებოდა მსოფლიო დონის ბანი ავანტიურისტი? მის მიერ ქველმოქმედებისთვის დაფუძნებული ფონდის „იავნანას" ფინანსურ ისტორიას თუ გადავხედავთ, ის ავანტიურისტი უფროა. თავად განსაჯეთ, ქველმოქმედებაში ბურჭულაძე ხარჯავდა ფონდში გადარიცხული თანხების მხოლოდ 27%-ს. მოკლედ, ფონდთან დაკავშირებით მხოლოდ კითხვები არსებობს და „იავნანა" უარს ამბობს მონაცემების დაკონკრეტებაზე.

 

ასე რომ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ იხარჯებოდა პოლიტიკისთვის გამოყოფილი თანხები. ყოველ შემთხვევაში, პაატა ბურჭულაძე იმდენად ამაყად შემოიჭრა პოლიტიკაში, თითქოს, სულ მცირე, იმ აკვანში გაზრდილი ბიჭი იყოს, რომელიც, ლეგენდის თანახმად, ბაზალეთის ტბის ძირას დაირწა. მისი ფანებისთვის კი პაატა ლამის წარმართთა ღმერთად იქცა, რომელიც წმინდათაწმინდაა და რომელსაც მხოლოდ მოწიწებით უნდა ესაუბრო.

 

თუმცა, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში ავანტიურისტს უფრო ჰგავს. უკვე რამდენიმე თვეა, პარტიაში საკუთარ ხალხს ფულს ვერ უხდის, თავად კი, მეუღლესთან ანჟელა ვალისენკოსთან ერთად, ჰანოვერში ისვენებს საკმაოდ ძვირად ღირებულ სასტუმროში. და რატომ არ შეიძლება ვიკითხოთ, რა ფულით? რა უფლება აქვს ბურჭულაძეს, ხელფასები არ გადაუხადოს პარტიაზე მომუშავე კოორდინატორებს ან პარტიის წევრებს და თავად ზღაპრული დასვენება მოიწყოს? და ეს მაშინ, როცა მისი პარტიის წევრები საკუთარ შვილებს თბილისის მახლობლადაც კი ვერ აგზავნიან დასასვენებლად.

პაატას თბილისის აეროპორტში ჩვენი ერთ-ერთი ნაცნობი გადააწყდა. მათ მიუნხენამდე ერთად იმგზავრეს, შედეგ კი როცა ჰანოვერის რეისზეც ერთად აღმოჩდნენ, ამის შესახებ გახარებულმა მოგვწერა: ბურჭულაძესთან ერთად ვიმგზავრე, ისიც ჰანოვერში ისვენებსო. როგორც ცნობილ ბანს ფოტოებიც გადაუღო.

 

ისე, პაატა ბურჭულაძეს შესანიშნავი გემოვნება აქვს. მეუღლე ანჟელასთან ერთად ის სასტუმრო Schlosshotel Münchhausen(შლოსჰოტელ მიუნჰაუსენ)-ში ისვენებს. შეიძლება გაგება - აგვისტოში თბილისში განსაკუთრებულად ცხელა. და კიდევ უფრო ცხელა, როცა საკუთარი პარტიის წევრები დავალიანების დაფარვას ჯერ ისევ გთხოვენ. საინტერესოა, როცა პოლიტიკაში მიდიხარ და არჩევანს ფეშენებელურ სასტუმროში დასვენებასა და საკუთარი პარტიის წევრებისთვის ხელფასების დარიგებას შორის პირველის სასარგებლოდ აკეთებ, ამას ავანტიურა არ ჰქვია? შეიძლება, სხვამ უარესი შეფასებაც გააკეთოს.

 

სასტუმრო Schlosshotel Münchhausen კი მართლაც ზღაპრულია. თუმცა, როგორც ყველა ზღაპარი დედამიწაზე, საოცრად ძვირიც. ერთი დღე აქ გაჩერება 700 ევროდან 1100 ევრომდე ჯდება. აქ ყველაფერია თქვენი სრული ბედნიერებისთვის.

 

სასტუმრო მე-16 საუკუნის ციხესიმაგრეა, რომელსაც გარს ტყის მასივი აკრავს. ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა. აქვს გოლფის მოედანი, ღია და დახურული საცურაო აუზები, საუნა, სპა ცენტრი, თერმული წყლები, თურქული აბანო, ძვირად ღირებული ბარები... მოკლედ, ეს დიდი ფუფუნებაა.

 

ასეთი არჩევანი გააკეთა პაატა ბურჭულაძემ... თუმცა, პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის" დაარქვა. დამაფიქრებელია...

 

პარტიაში ამბობენ, რომ ის ევროპაში საქმეებზე გაემგზავრა. როგორც ჩანს, არის ხალხი, ვისთვისაც ასეთ ფუფუნებაში დასვენებაც „საქმეა". ბურჭულაძე არა მხოლოდ ჯამაგირს არ უხდის საკუთარი პარტიის წევებსა და კოორდინატორებს, არამედ გამოდის, ატყუებს კიდეც მათ.

 

ესეც პაატა ბურჭულაძის არჩევანია. როცა ასეთ ზღაპარში მოიწყობ დასვენებას, პარტიაში კი სერიოზული კრიზისი გაქვს, არჩევანს, როგორც ჩანს, ტყუილის სასარგებლოდ აკეთებ, სიმართლეს ხომ ვერ იტყვი...", - წერს გაზეთი „პრაიმტაიმი".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner