„გარკვეული გაუგებრობაა, როდესაც ესტონეთი და ჩვენი პარტნიორები ამბობენ, რომ უკრაინა უნდა გახდეს წევრობის კანდიდატი. ეს ასევე ეხება საქართველოს, მოლდოვას და არა მხოლოდ უკრაინას“, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე – „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრება“ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ამ ქვეყნების მოსახლეობის 80-90 პროცენტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და პროცესი არ მიმდინარეობს მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინაში ომია.
„ჩვენ როდესაც ვიწყებდით პროცესს, ეს პერიოდი რომ გავიხსენოთ, ჩვენ დავიწყეთ პირველებმა, ლატვია და ლიეტუვა იყვნენ უკან. ნამდვილად გვჯეროდა, რომ ბალტიის ქვეყნებს შორის ჩვენ ერთადერთი ვიყავით, რომელიც ევროკავშირის წევრი გახდებოდა, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ევროკავშირს ყველა ერთად შევუერთდით. იგივე შეიძლება, მოხდეს ამ შემთხვევაშიც. პროცესი ახლა დაიწყო უკრაინაში ომის გამო, თუმცა თქვენ ასევე წარადგინეთ განაცხადები და პროცესი სავარაუდოდ დაიწყება. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ეს მომენტი, რადგან ეს არ ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინაში ომია, არამედ ასევე როგოც ითქვა, ამ ქვეყნებში ძალიან ბევრი ადამიანია პროევროპული, მოსახლეობის 80-90 პროცენტი. ეს არ არის მთავრობების საქმე, ამ ქვეყნების ხალხს სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. გაიხსენეთ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ, ეს მაჩვენებელი 15 პროცენტზე ნაკლები იყო, მაშინდელ პრეზიდენტს უწევდა ხალხის დარწმუნება, რომ ევროკავშირი არის ის, რაც უნდა დავაფასოთ და ავირჩიოთ. ასე რომ, ეს არის განსხვავებული დრო და განსხვავებული ისტორიები. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ეს მომენტი, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობას სურთ ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე ესტონეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის სტატუსის მინიჭებას სიმბოლურ ნაბიჯად არ განიხილავს.
„ევროკავშირის სტატუსის მინიჭებას სიმბოლურ ნაბიჯად არ განვიხილავ. ჩემი აზრით, ომმა უკრაინაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესთან დაკავშირებითაც. გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ დაგვჭირდა ომი, რომ ამ რთულ თემებზე საუბარი დაგვეწყო. თუმცა, არ მგონია, რომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური ნაბიჯი. ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა ეს ქვეყნები (მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) აცნობიერებენ, რომ წინ წაწევაა აუცილებელი და მეორე მხრივ, ჩვენთვის, ევროკავშირისთვისაც აუცილებელია, რომ არ გვქონდეს ე.წ. ნაცრისფერი ზონები ევროპაში და ჩვენს სამეზობლოში“, – განაცხადა ალან კარისმა.
დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელში – „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრება“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობდა.