„ფაქტების კონსტატირება თუ შანტაჟად აღიქმება, ეს არის ოპოზიციის კიდევ ერთი მრუდე აზროვნების ნაყოფი - ის, რომ კონკრეტული მოსამართლე კონკრეტული გადაწყვეტილების გამო უნდა იქნას დასჯილი, ეს არის დისკრიმინაციის მკაფიო მინიშნების მატარებელი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, რომ ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ მოსამართლესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადება აშშ-ის ელჩის და საელჩოს შანტაჟია.
ღუდუშაურს მიაჩნია, რომ „ოპოზიციის და „ნაციონალური მოძრაობის“ ცხელი თავების განცხადებებზე, რომლებიც დისკრიმინაციულია და ბულინგის ქვეშ ამყოფებს მოსამართლეს, ისეთი მაღალი დემოკრატიის მქონე ქვეყნის საელჩო, როგორიც არის აშშ, გააკეთებს შესაბამის განცხადებას“.
მისივე თქმით, არავის სურს იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მოსამართლე კონკრეტული გადაწყვეტილების გამო იქნება დისკრიმინირებული.
„ოპოზიცია არის სრულ აგონიაში, ქვეყნის ინსტიტუციებზე ორკესტრირებული შტურმი არის ამ ქვეყნის დემოკრატიაზე შტურმი და ეს არის ამ ქვეყნის მტრობა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა, შეაფასოს გნებავთ კრიტიკულად და თავის აზრი დააფიქსიროს მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ის, რომ კონკრეტული მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არა სამართლებრივი შეფასებით, არამედ პოლიტიკური შეფასებით ან ნებისმიერი სხვაგვარი შეფასებით არის სასამართლოში ჩარევა, ვფიქრობ, ეს ესმის ნებისმიერ, მინიმუმ სრულწლოვან პირს ქვეყანაში. ცხადია, ასეთ დროს, როცა საუბარია კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მოსამართლემ მიიღო, მოგწონს თუ არ მოგწონს და თუ ვინმეს არ მოსწონს და როგორც ჩანს, მხარეებს ეს არ მოსწონთ, ამისთვის არსებობს ზედა ინსტანცია და ამისთვის ასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ის, რომ კონკრეტული საქმის განმხილველი მოსამართლე ამა თუ იმ გადაწყვეტილების გამო, პირდაპირ დისკრიმინაციის ქვეშ მოაქციო, ეს არ არის დემოკრატია და ვფიქრობ, აშშ- ის საელჩო ამ ყველაფერს ნათელს მოფენს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისათვის, კობახიძის განცხადებით, მოსამართლის კონკრეტული გადაწყვეტილების გამო სემინარზე არ დაშვება სისხლის სამართლის დანაშაულია.
„დავანებოთ თავი საელჩოს და წარმოიდგინეთ, პარლამენტი აწყობს სემინარს, არ მოეწონა მოსამართლის გადაწყვეტილება, იბარებს მოსამართლეს და ეუბნება, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, შენ სემინარზე აღარ დაიშვები. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის მიზანიც არის ზემოქმედება კონკრეტულ მოსამართლეზე და ზემოქმედება მეორე და მესამე ინსტანციის მოსამართლეებზე,"- განაცხადა კობახიძემ.