თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ევროკავშირს თურქეთის დამცირებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, თუ ოქტომბრამდე თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია არ დაწესდება, ანკარა მიგრანტების საკითხებზე დასავლეთთან მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე უარს იტყვის.
„თურქი ხალხი ტრავმირებულია. იმის ნაცვლად რომ თურქეთს დაეხმარონ, ისინი ჩვენ გვამცირებენ", - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
თურქეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობა გასულ თვეს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გაუარესდა. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ევროკავშირმა აღნიშნული მოვლენების დროს თურქეთს საკმარისი მხარდაჭერა არ აღმოუჩინა.