„დღეს გერმანია, გუშინ პოლონეთი იყო, გუშინწინ კანარის კუნძულები და ა.შ. როგორც ჩანს, მათი გემოვნება იცვლება სეზონიდან გამომდინარე - ზაფხულში ალბათ, გერმანიაში იგრძნობს თავს კომფორტულად სააკაშვილი, ზამთრის სეზონზე - დუბაიში ან სხვაგან“,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის გერმანიაში გადაყვანის მოთხოვნას.
ღუდუშაურის თქმით, ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს და ექიმების რჩევას.
„ახლა ზაფხული მოდის და ალბათ, გერმანიაში უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს მსჯავრდებული სააკაშვილი მათი განცხადებით, ზამთრის სეზონზე - ალბათ, დუბაიში ან სხვაგან. ეს წარმოუდგენელია. საქართველოს აქვს კონსტიტუცია, კანონმდებლობა და ყველანი ვალდებულნი ვართ, დავემორჩილოთ ამ კანონებს. შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაცია არის გამორიცხული. ამ თემაზე, მე ვფიქრობ, არის წერტილი და ამ წერტილის იქით სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ დაემორჩილო კანონს და ექიმების რჩევას“, - განაცხადა ღუდუშაურმა.