„არ აქვს მნიშვნელობა, როგორ იქცევა ხელისუფლება, ჩვენი ხალხი 30 წელია პროდასავლურად იქცევა, 30 წელია ამ ღირებულებას იცავს და ამიტომაც იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„ასეთი ისტორიული შანსი საქართველოს არასოდეს არ ჰქონია. ჩემი აზრით, ჩვენ გვიჭირს ამის გააზრება, დისტანციიდან დანახვა და ამ ყველაფერში ჩვენი პასუხისმგებლობის დანახვა. მილიონი კაცი არ მომწონს და მილიონი აზრი არ მომწონს, არც ამ პარლამენტში და ბევრგან, მაგრამ როდესაც ქვეყნის ინტერესი არის, ჩემს დამოკიდებულებას გვერდზე ვდებ და ვცდილობ, ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ვიმოქმედო და არა იქიდან გამომდინარე, რა მაწყობს მე ან ჩემს პოლიტიკურ პარტიას. რა მოსატანია ასეთ მიზანთან, რომელიც არის ქვეყნის ეგზისტენციალური არსებობის განმსაზღვრელი. ჩვენი რუსულ ორბიტაზე დაბრუნება ნიშნავს ქვეყნის პერსპექტივის დაღუპვას. ჩვენი შვილები ამ ქვეყანაში აღარ იცხოვრებენ, ყველა გაიქცევა აქედან . ეს ერთხელ უკვე ვნახეთ, ეს ქვეყანა ერთხელ უკვე დაიღუპა, როდესაც აღმოვჩნდით რუსულ ორბიტაზე. დღეს გვაქვს შანსი, რომ კეთილდღეობის ორბიტაზე აღმოვჩნდეთ. ეს უნდა გაიზაროს ყველამ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.