“წელს დაგეგმილია სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მეოთხე მონაკვეთების დასრულება. აღნიშნული გზა სავსე იყო გამოწვევებით, მიუხედავად ამისა, ჯამში 21 კმ გზა უკვე წელს დასრულდება, რაც ზესტაფონის არგვეთას კვანძიდან ლანჩხუთამდე 86 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზით გადაადგილების საშუალებას მოგვცემს,” -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათზე გამოსვლისას განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებზე ქართული კომპანიები მუშაობენ, ხოლო მესამე მონაკვეთის ასაშენებლად სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. ასევე, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს გრიგოლეთი-ქობულეთის, 14 კმ-იან მონაკვეთზე, საიდანაც წელს დაგეგმილია 11 კმ-ის, ხოლო 2023 წელს - დარჩენილი 3 კმ-ის დასრულება.
„შესაბამისად, 2022 წელს დაგეგმილი საგზაო მონაკვეთების გახსნის შედეგად, თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო კიდევ უფრო შემცირდება და მგზავრობას მხოლოდ 3 საათსა 40 წუთს მოვანდომებთ“,-განაცხადა ქარსელაძემ.