“კახეთის მაგისტრალის და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2 მილიარდი ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი, საიდანაც 600 მილიონი ლარის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს,” - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათზე გამოსვლისას.
მინისტრის განცხადებით, 2021 წელს დაიწყო კახეთის მაგისტრალის და ბაკურციხე-წნორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. ასევე, მსოფლიო ბანკმა დაამტკიცა სესხი საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთისთვის და მიმდინარეობს წინა სატენდერო პროცედურები. დაგეგმილი მშენებლობების შედეგად, თბილისიდან თელავამდე ჩასვლა მაგისტრალური გზით, 1 საათსა და 20 წუთში, კომფორტულად და უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი.
„ეს პროექტები ისტორიული იქნება კახეთის რეგიონის პოტენციალის სრულად ასათვისებლად და დამატებითი შესაძლებლობების გასაჩენად. როდესაც წარმატებულად განხორციელებულ პროექტებზე ვსაუბრობთ, ცალკე აღნიშვნის ღირსია გურჯაანის შემოვლითი გზის პროექტი, რომლითაც განახევრებული დროის პირობებში, 16 კმ-იან მონაკვეთს 10 წუთში ფარავ და რაც მთავარია, ქალაქზე გამავალი გზა ჩანაცვლდა ახალი შემოვლითი გზით“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.