როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა, დეცენტრალიზაციის 5 წლიანი სტრატეგიის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა წარმატებით განხორციელდა.
მისი თქმით, დაგეგმილი სამუშაოების 90% შესრულებულია, ხოლო 10% მეტწილად შესრულებული სამუშაოები 2022 წლის განმავლობაში შესრულდება.
„2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ფარგლებში, მიღწეული მნიშვნელოვან შედეგების მოკლე ჩამონათვალი ასეთია: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის მიღებულია 171 საკანონმდებლო ცვლილება; საკანონმდებლო ცვლილებებით, მოწესრიგდა მუნიციპალური ტრანსპორტისა და პარკირების საკითხები; შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტები სხვადასხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაჯარიმების მექანიზმების მოწესრიგებისა და ქონების გადაცემის პროცესში პროცედურების გამარტივებისთვის; მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში გადაეცათ 2200-ზე მეტი ობიექტი; შეიქმნა და დაინერგა ინფორმაციული ნაკადების მართვის ერთიანი მუნიციპალური პლატფორმა www.ms.gov.ge; მიუხედავად პანდემიისა, 63 მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგ საჭიროებათა კვლევა, მოხერხდა 4000-ზე მეტი საჯარო მოხელის სხვადასხვა სფეროში გადამზადება; 20-მდე მუნიციპალიტეტში დაინერგა სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშგების შეფასებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მექანიზმები (PEFA) 2021 წლის ბოლოსთვის სამიზნე მაჩვენებლების შესრულებიდან გამომდინარე, 34 მუნიციპალიტეტს გამოეყო დამატებით კაპიტალური გრანტი და სხვა,“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტებით, მიმდინარეობს 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის დამტკიცებისათვის საჭირო პროცედურები. ყველა დაგეგმილი ღონისძიება თუ აქტივობა შექმნის მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური და ფინანსური გაძლიერების საფუძველს.