“მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული მყარი ნარჩენების მართვის კუთხით, აშენდა და აღიჭურვა ნარჩენების გადამტვირთავი 5 სადგური, მუნიციპალუტეტებს გადაეცათ 160 ერთეულზე მეტი თანამედროვე სპეციალური ტექნიკა და 20,000-ზე მეტი ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერი. პარალელუად, 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელიდან დაიხურა 24 არსებული ძველი ნაგავსაყრელი, 30-ს კი სისტემატურად უტარდება მოვლა-შენახვის და რეაბილიტაციის სამუშაოები, “- აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათზე გამოსვლისას.
მისი განცხადებით, ხორციელდება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პროექტები ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიქტებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მშენებლობის თვალსაზრისით, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ახალ ობიექტებზე გარემოსდაცვითი კუთხით გამოყენებული იქნება მაღალტექნოლოგიური, მათ შორის წყლის გამწმენდი რევერსული ოსმოს სისტემები, რაც დააკმაყოფილებს გარემოს დაცვის თვალსაზრისით ყველა შესაბამის მოთხოვნას.
2022 წლის ბოლოს ეტაპობრივად დაიწყება ახალი ობიექტებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მშენებლობა. გათვალისწინებულია, ასევე, მუნიციპალიტეტების აღჭურვა ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკით.
,,2030 წლისთვის ყველა არსებული ძველი ნაგავსაყრელი ეტაპობრივად დაიხურება და ჯამში, 6 ახალი რეგიონული ცენტრი აშენდება. შესაბამისად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაუმჯობესდება მუნიციპალური ნარჩენების მართვისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებები და ინფრასტრუქტურა, განახლდება ტექნიკურ-მატერიალური ბაზა და დაინერგება ნარჩენების მართვის უფრო ეფექტური სისტემა, რაც მკვეთრად შეამცირებს გარემოზე ზმოქმედებას. ამ მიმართულებას მომდევნო 10 წლის განმავლობაში, 613 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.