“აუცილებლად უნდა აღინიშნოს ევროკავშირის დიდი მხარდაჭერა მუნიციპალიტეტების ინსტიტუციონალურ თუ ინფრასტრუქტურულ განვითარებაში. ვაგრძელებთ რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვა- განხორციელებისას ევროკავშირის კარგი პრაქტიკის განვითარებას, “- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათზე გამოსვლისას აღნიშნა.
მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის მხარდაჭერით აქტიურად მიმდინარეობს 2020-2022 წლების ინტეგრირებული რეგიონული განვითარების საპილოტე პროგრამის (PIRDP) განხორციელება. პროგრამის წინასწარი ჯამური ბიუჯეტი 200 მილიონი ლარია.
პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, დაფინანსებულია დაახლოებით 142 მილიონი ლარის ღირებულების 140 ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის დაახლოებით 20% უკვე დასრულებულია.
ოთხი რეგიონის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერისათვის, სამმა სახელმწიფო პროგრამამ და სააგენტომ მიიღეს ჯამში, დაახლოებით 40 მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსება. საწარმოების დაფინანსება ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს.
,,პროგრამის განხორციელების კვალდაკვალ, ვმუშაობთ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის გაფართოვებაზეც, რათა პროგრამამ არა მხოლოდ 4, არამედ მეტი რეგიონი მოიცვას. და ის მიღწევები და პირველადი შეფასები გვაძლევს იმის იმედს, რომ ამ მიმართულებით კვლავ გაგრძელდება ნაყოფიერი თანამშრომლობა ევროკავშირთან“, -აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს და საფინანსო ინსტიტუტებს, რომელთა მრავალწლიანი მხარდაჭერის გარეშეც სამინისტროსთვის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შედეგიანი განხორციელება, როგორც დეცენტრალიზაციის, ისე რეგიონების ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით, შეუძლებელი იქნებოდა.