“ხელისუფლების ერთ-ერთი შტო არის პარლამენტში, სადაც ისევე როგორც მე და „ქართული ოცნების“ სხვა მრავალი დეპუტატი, ასევე არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ნებისმიერ რეფორმასა და კანონზე მათაც იგივე პასუხისმგებლობა აკისრიათ, როგორიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE" განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ჰგონია, რომ ევროპიდან წამოსული კრიტიკა მხოლოდ ხელისუფლების ან მმართველი გუნდის მისამართით არის ნათქვამი.
„სწორედ ის არის პრობლემა, რომ მათ ევროპის მხრიდან წამოსული კრიტიკა მხოლოდ ცალმხრივად ესმით. ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების ან მმართველი გუნდის მისამართით არის ნათქვამი, რომ ადრესატები მხოლოდ ჩვენ ვართ და ისინი - არა. ამის მაგალითებიც ბევრი ვნახეთ, თუნდაც არჩევნების შემდეგ ბოიკოტის დროს. ისინი მუდმივად იხსნიან პასუხისმგებლობას, გაურბიან და დღესაც ამასთან გვაქვს საქმე. დღესაც ამბობენ, რომ გადაწყვეტილება, რაც ევროკავშირში იქნება მიღებული, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. არა, ეს ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობაა, მათ შორის არა მარტო პოლიტიკოსების, არამედ საზოგადოების“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.