ნონა გაფრინდაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ 2011 წლის 26 მაისის მოვლენები გაიხსენა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში აქციის დარბევას საქართველოს ისტორიაში შავ ფურცელს უწოდებს.
„26 მაისი, როდესაც დარბევა მოხდა, იყო საშინელება. ეს შავი ფურცელია ჩვენი ისტორიისთვის, იმიტომ, რომ იქ უბრალოდ სასაკლაო გამართეს. მშვიდობიანი აქცია გვქონდა. არავინ არსად შეჭრას არ აპირებდა, არც ხმაურიანი სიტყვები ყოფილა გადატრიალებაზე. უბრალოდ ჩვენს აზრებს გამოვხატავდით. 12 საათზე გვინდოდა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა და კინაღამ შეეწირა ამ ამბავს „უცნობი“, რომელიც ჩვენი თხოვნით მოვიდა და მზად იყო კონცერტის დასაწყებად. ამ დროს მოვიდნენ ჩვენთან და გვთხოვეს ტერიტორიის დატოვება. ჩვენ ვუთხარით, რომ გვინდა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა. ცუდს არაფერს ვაკეთებდით. ჩავატარებდით კონცერტს და დავიშლებოდით. მაგრამ თურმე ჩვენ ირგვლივ 3 კორდონი იყო შემორტყმული და გასასვლელი არ იყო. შეუძლებელია იმის აღწერა, რაც ხდებოდა“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ 11 წელი გავიდა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე „სახალხო კრების“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის მონაწილე 105 პირი დააკავეს. მათ უმრავლესობას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, ხულიგნობასა და სხვა შედარებით ნაკლები სიმძიმის დანაშაულში დაედო ბრალი. მიტინგის დაშლის დროს დაშავდა 37 ადამიანი, მათ შორის 8 პოლიციელი, ერთი ჟურნალისტი და 27 სამოქალაქო პირი; ასევე, გარდაიცვალა ორი ადამიანი.