logo_geo
eng_logo
რეზო გაბრიაძე - თეთრი ხიდი
- +

15 აგვისტო. 2016. 14:43


 

მე დედიკოს შვილი ვიყავი. წიგნებს ვკითხულობდი, სუფთა საყელო მქონდა, იმდენად კარგი წასარტყმელი ვიყავი თავში, რომ იშვიათად თუ დაიკლებდა ვინმე ამ სიამოვნებას, გარდა ვინმე მივლინებულის, ჩემოდნით ხელში, ან კუბოს შეყუდებული ჭირისუფლისა, თუმცა ორი მცდელობა იყო, ერთი ფეხითაც, გასვენების დროს.



ომი ახალი დამთავრებული იყო, ცხოვრება ძნელი იყო, ცოტა ჰქონდა ხალხს სიხარული და სიამოვნება.


ბიბლიოთეკა №6-ის ბეჯითი მკითხველი ვიყავი. ბიბლიოთეკაში შესვლა სიფრთხილეს მოითხოვდა. ვინმეს რომ დავენახე - მცემდა, როგორც სირისტიანს, ამიტომ მეც ვფრთხილობდი: ჯერ იქითა ტროუტუარზე უნდა ჩამევლო უინტერესოდ, მერე ასევე უინტერესოდ ხიდიდან უნდა გადამეფურთხებინა და როდესაც დავრწმუნდებოდი, არავინ მიყურებს - ჩქარა შევსულიყავი ბიბლიოთეკაში.


იმ დღეს ბიბლიოთეკაში ვიჯექი. უცებ ახმაურდა რიონი - მივხვდი, კარი გაიღო. ავხედე ბიბლიოთეკარებს: ორი გაუთხოვარი ქალი იყო, ყველაფერი უკვე ნათქვამი ჰქონდათ ერთმანეთისათვის. წინა, ფეხებგაშლილი, ნავთქურას ადგა თავზე და კარს უყურებდა გაფითრებული. ფეხების შიდა მხარეებს წითელი ვარდები მოდებოდა სიცხისაგან. ქეთო პავიდლოიანი კოვზის პირიდან გამოღებას ცდილობდა, მაგრამ ვერ იძრობდა და საჯდომის ნელი ტრიალით სკამს ეძებდა. შიში მოედო ბიბლიოთეკას.



ჯერ ვიფიქრე - იპოლიტე დაინახეს-თქო. იმ წლებში ჩვენს ქალაქში ერთი ვირთხა ცხოვრობდა, იპოლიტეს ეძახდნენ, რადგან ოდესღაც მსახიობ ხვიჩიას დაუმდუღრავს. სად არ შეგხვდებოდათ ეს იპოლიტე: ქუთვაჭრობასთან, ლომბარდთან, ბაზართან, ბანკთან, გრუზვტორსირიოსთან - იისფერი, გრძელი მწვანე კუდით მართლაც ძნელი შესახედი იყო.


№6 ბიბლიოთეკაში მხოლოდ მე და იპოლიტე დავდიოდით. იმ ხანებში ორივე კლასიკოსებით ვიყავით გატაცებული: იპოლიტე ყდებით, მე კი - რაც მას დარჩებოდა, დღემდე ვგრძნობ ამ დანაკლისს.


რიონი გაჩუმდა - კარი დაიხურა, ფრთხილად მივიხედე უკან.



კარებში ადრახნია იდგა!


ადრახნია მარტო კაცი იყო. ჰქონდა მხოლოდ პროფილი, რომელსაც სხვადასხვა სიძველის შრამები ხაზავდა, მათ შორის ერთი იყო სხვებზე შესანიშნავი. ეს შრამი იწყებოდა თმებში, დიაგონალად კვეთდა მაღალ შუბლს, გადადიოდა წარბზე, ოდნავ ეხებოდა ცხვირს, მკრთლად აჩნდა მშრალად ნაძერწ ტუჩებს, ღრმავდებოდა ნიკაპზე და იკარგებოდა მის ქვეშ. განსაკუთრებით საშიში იყო დაღამებისას, ნისლში და კინოფილმ „შურისმაძიებელი ელდორადოდან" მსვლელეობის დროს. მის გამოჩენაზე ქუჩა იმრუდებოდა და ცერად მიედინებოდა ფეხქვეშ.

 


აი, ასეთი კაცის თვალები მიყურებდნენ მე.


ადრახნია დაჯდა ჩემს მაგიდასთან, შავყდიანი რვეული ამოიღო ჯიბიდან. დამიდო წინ, მიყურა, თქვა: „შენ დაწერ წერილს", - და საჩვენებელი თითით, რომელიც არ ჰქონდა მიმითითა რვეულზე. „მე ვერ ვწერ" - მაჩვენა ისევ საჩვენებელი თითი, რომელიც არ ჰქონდა. „კაციშვილმა არ უნდა იცოდეს", „კუბო" - ვთქვი მე უხმოდ. „კუბო" - გაახმოვანა ჩემი ტუჩები ადრახნიამ. „დაწერე: ძვირფასო მარგალიტა, წყალში ვდგავარ - ცეცხლი მიკიდია" - მიკარნახა ადრახნიამ.


მარგალიტა საკომისიოს საქონელმცოდნის რაფიელის ქვრივი გახლდათ. ორი წლის წინ რაფიელი რევიზიას გადაჰყვა. მეოთხე წელია მარგალიტა შავებს არ იხდიდა. მეოთხე წელია იჯდა ძმრით გაწმენდილ ფანჯარასთან და გარდაცვლილის საკუთარ მანქანას უყურებდა, რომელიც არაფრისგზით არ გაყიდა და სიყვარულის ძეგლად იდგა აგურებზე ყვითელ ყვავილებში ჩაფლული. იჯდა ასე მგლოვიარე: ბალს ნემსით მიირთმევდა, ნემს ცხვირსახოცით წმენდდა და ცხვირზე მიიდებდა სევდის ნიშნად.


არ მახსოვს რამდენ ხანს ვწერდი, ბევრი კლასიკას დავესესხე, ბევრიც ჩემი იყო - ორიგინალური. ახლაც მახსენდება უდროო დროს და უადგილო ადგილას, წნევის გასინჯვისას, ან გადასასვლელზე, სვეტაფორთან ფრანკფურტში, მაგალითად: „ო, ძვირფასო, რატომ შევხვდით გობელენში?!"


იმ წერილში იყო ადგილები, რომლის შინაარსის გაგება ახლაც მიჭირს: „ჩემი ყველა თვალის ეჭვიანობის მიზეზი შენ ხარ! თვალნი ჩემნი ეჯიბრებიან რა ერთმანეთს შენი ხილვის დანახვაში, ფხიზლად სძინავთ და როს ბალიშის მაგიერ თავქვეშ უდევთ წამწამები, ხან პირველი თვალი იღვიძებს მეორეზე ადრე, ხან მეორე პირველზე ადრე, რათა დაასწრონ ერთმანეთს სილამაზის წყაროსა და სათნოების ჩირაღდანის ხილვა!!!"


ადრახნიამ დიდხანს იკითხა ტუჩებით რვეული, მერე ფანჯარაში ასევე ტუჩებით ქალაქის საათი წაიკითხა, ქვედა ქუთუთოებით თვალები დახუჭა და თქვა: „საცემი ხარ". ჩემი გული გაჩერდა. მის მაგიერ ბინტში შეხვეული თითი ჩქარა-ჩქარა ფეთქავდა.


ადრახნია წამოდგა. „მერე იმას ვინც შენ გცემს, ფეხებს, ხელებს დავაძრობ და მოგიყვან სკოლაში თავის ფეხით" - თქვა და წავიდა.



მის მერე ბარე ორმოცდაათი წელი გავიდა. ამასწინათ ისევ მოვხვდი ქუთაისში, დავეხეტებოდი ქუჩებში და ვეუბნებოდი ჩემს თავს: „აი შენ მშობლიურ ქალაქში ხარ, შენ უნდა იგრძნო სევდა, გულის ტკივილი, სინაზე და სილამაზე". აქეთ წავედი - ვერ ვიგრძენი, იქით წავედი - ვერ ვიგრძენი. ტყავის კეპკა, ვიყიდესავით, დავყნოსე - ვერაფერი ვიგრძენი. ნოსტალგიის ძებნაში თეთრ ხიდზე აღმოვჩნდი - „მოდი გადავაფურთხებ, ეგებ რამე ნაზი, სათუთი შეეხოს ჩემს გულს-მეთქი", ასეც ვქენი, მაგრამ ესეც არ გამომივიდა. რამდენჯერაც არ ვცადე ყველა მოღუნულად წავიდა ქვევით და ბოლოში არ აჩქარდა. „სულ სხვაა ახალგაზრდობაში „თეთრი ხიდიდან" გადაფურთხება" - ყალბად დავღონდი მე.


არის ქუთაისში ჰაერის ერთი მოძრაობა: აღარც ქარია უკვე და არც ნიავია ჯერ. გლიცერინის სუნი აქვს, თბილია, უქმია, ზედმეტად ზრდილობიანი, ჩემი ნება რომ იყოს, მე მას ლიზიკო გაბუნიას დავარქმევდი და ქუთაისის პედინსიტუტში ჩავრიცხავდი ფრანგული ენის ფაკულტეტზე უგამოცდოდ. ნიავს ქუდი მოვუხადე, ჩამიარა, ვითომ ვერ მიცნო, ქუჩის კუთხეში საყურე გაათამაშა, მაინც გამომხედა და გაქრა.


ჩამოვჯექი ლიმონათის ყუთზე. ჩემს წინ ტროტუარზე ვიღაცამ უქუსლო ჩექმა შემოადგა, ავხედე, გადავუდექი წინ. ეს გახლდათ ადრახნია. ლამაზად დაბერებულა, არ მოუმატია, პროფილი ქაღალდივით გამჭვირვალე გაუხდა. ვერ მიცნო. გავახსენე მარგალიტას წერილი. გვერდზე გაიხედა, სიგარეტი შემომთავაზა. თურმე ხვალ სრულდება ხუთი წელი, რაც მარგალიტა გარდაიცვალა. დამპატიჟა სასაფლაოზე.

 


მეორე დღეს ავედი საფიჩხიაზე. იქ სამთითა ცაცხვის ქვეშ გავიცანი მარგალიტას და ადრახნიას ორი შვილი. გოგო მამას ჰგავდა, ხმელი, უხმო. ბიჭს მარგალიტას თვალები და ხმა ცრემლიანი ჰქონდა, ტუჩები ატმიდან გამოთლილი, მორცხვი იყო, ჩრდილში იდგა.


მარგალიტას თეთრი ქვა ედო საფლავზე. ზედ გაფერადებული ფოტო იყო დამაგრებული. ცოტა წამოწვიმა, ქვა მოფირუზო გახდა.


აი, სწორედ იმ ქვასთან გავიგე, მადლიერების გრძნობით, რომ ჩემი პირველი ნაწარმოები ღრმად არის ჩამარხული მიწაში, მშვენიერი მარგალიტას მკერდზე.


ასეთი ყოფილა მისი უკანასკნელი ნება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner