„ევროპისკენ“ – ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებული აქტივობებით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა უწყება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას ამბროლაურში, თემატურ პავილიონებში მასპინძლობს.
პავილიონებში წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტები: „პრობბოქსი“, „მობილური იუსტიციის სახლი“, მიწის რეგისტრაციისათვის საჭირო ტექნიკა და სხვა.
ადგილზე მოსულ მოსახლეობას საშუალება ექნება სამართლებრივი კონსულტაცია მიიღოს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: მიწის სისტემური რეგისტრაცია, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ.
დღის განმავლობაში შემეცნებით-გასართობი პროგრამა ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება წარმოდგენილი.
მოეწყობა მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და შემეცნებითი სივრცე „საქართველოს გზა ევროპისკენ“. ღონისძიების მონაწილეებისთვის იმუშავებს ვირტუალური ტური ევროპის ქალაქებში.
არაერთი სიურპრიზი ელით ბავშვებს – მეზღაპრის კუთხე, მოძრავი თოჯინების თეატრი, გიგანტური საპნის ბუშტების შოუ, გიგანტური რობოტები, ატრაქციონი.
17:10 საათზე (საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო) შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, საღამო კი ანსამბლების – „გორდელას“ და „ბანდეროლის“ – კონცერტით დასრულდება.