„მთელ საქართველოს ვულოცავ მთავარ დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში - დამოუკიდებლობის დღეს! დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც ერთად ვიდღესასწაულებთ ამ დღეს აფხაზებიც, ოსებიც, ქართველებიც. ფსოუზეც იქნება ზეიმი და როკის გვირაბთანაც, ერთიან საქართველოში. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე იქნება ერთიან, დიდ ევროპულ ოჯახთან ერთად“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაცია შეუქცევადია, თუმცა, იქამდე, ქვეყანაში აუცილებელია სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნება.
„საქართველო ევროკავშირის წევრობასაც მიიღებს. უბრალოდ, ამისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ერთიანობა და მშვიდობა შევინარჩუნოთ, რადგან ისტორიის ძალიან რთული პერიოდი დგას არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ - მთელ მსოფლიოში. ჩვენი საზოგადოება კარგად გრძნობს იმ საფრთხეს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და ამ ერთიანობის განცდით, რუსთაველი დილიდანვე, ხალხითაა სავსე. ყველა იმ განწყობითაა მოსული, რომ არა მხოლოდ ვიზეიმოთ დამოუკიდებლობის დღე, არამედ დავაფიქსიროთ ჩვენი ერთად დგომისა და ერთმანეთის გაძლიერების განწყობა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.