„ევროპის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯებით სიარული საკუთარ თავთან დაბრუნებას უდრის. ამიტომ არის, რომ შემეცნებით თუ ინტუიციურად ამ გზას მხარს უჭერს მთელი საზოგადოება და ეს მხარდაჭერა წლების განმავლობაში არა თუ შენელდა, არამედ გაძლიერდა“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველა, ვინც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატებას მიაღწევს, განსაკუთრებულ ადგილს დაიმკვიდრებს ქვეყნის ისტორიაში.
„დღეს პირველად რეალური შანსი გაჩნდა. ამ შანსის ხელიდან გაშვებას არც ამ მიზნის ირგვლივ შეკრული სამოქალაქო საზოგადოება, არც ჩვენი წინაპრების სულები, არც მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. სამაგიეროდ, ამ გზაზე წარმატების მიღწევას ვინც შეძლებს, ყველა დაიმკვიდრებს უნიკალურ ადგილს და დაფასებას ქართულ ისტორიაში. არჩევანი თქვენა და არჩევანი ჩვენია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.