„დღეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ეროვნული თვითმყოფადობის უმნიშვნელოვანესი გამოხატულების - დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ეს არის დღე, რომელიც თავდადებისა და ბრძოლის შესახებ მეხსიერებას ინახავს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ ჩვენი გმირები - სამხედროები, პოლიციელები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ერთგულად იცავენ საქართველოს ხილული და უხილავი საფრთხეებისგან.
„საქართველოს ყველა მოქალაქეს, სამხედრო მოსამსახურეს, უცხოეთში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
დღეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ეროვნული თვითმყოფადობის უმნიშვნელოვანესი გამოხატულების - დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ეს არის დღე, რომელიც თავდადებისა და ბრძოლის შესახებ მეხსიერებას ინახავს. ამიტომ გამორჩეულ პატივს მივაგებთ ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც თავდაუხრელად იბრძოლეს, სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას და შეგვინარჩუნეს სახელმწიფო. ამავე დროს, ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ჩვენი სამშობლოსა და მომავალი თაობების წინაშე, რომ გავაგრძელოთ წინსვლა და განვამტკიცოთ დამოუკიდებლობა.
განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ ჩვენი გმირები - სამხედროები, პოლიციელები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ერთგულად იცავენ საქართველოს ხილული და უხილავი საფრთხეებისგან;
ჩვენი პედაგოგები, რომლებმაც აღგვზარდეს ჩვენ და ახლა ჩვენს შვილებს უზიარებენ თავიანთ ცოდნას და ფასეულობებს; სპორტის, მეცნიერების და კულტურის წარმომადგენლები, რომლებიც მთელ მსოფლიოში წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი წინაპრების მსგავსად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კაცობრიობის წინაშე; ჩვენი მშობლები, რომლებიც მრავალი განსაცდელის მიუხედავად, მტკიცედ იდგნენ თითოეული ჩვენგანის და ქვეყნის უკეთესი მომავლის სადარაჯოზე; მშობლები იმ რეკრუტების, რომლებიც დღეს სამშობლოს წინაშე ფიცის დადების ცერემონიალის მოწმენი იყვნენ იმისთვის, რომ მათ ასეთი პატრიოტი ადამიანები აღზარდეს.
აქვე, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს უცხოელ მეგობრებს, რომლებიც ძნელბედობის მიუხედავად გვერდში ედგნენ ჩვენს ქვეყანას, საგარეო ასპარეზზე იცავდნენ მის ინტერესებს და თავიანთი ღვაწლით განამტკიცეს საქართველოს დამოუკიდებლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, 1918 წლის 26 მაისს მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ დიდხანს არ გასტანა - ქვეყნა ანექსიის მარწუხებში მოექცა.
„თუმცა, დამოუკიდებლობის 3 წელიც კი საკმარისი იყო, რომ საქართველოს იმ დროისთვის მოწინავე კონსტიტუცია მიეღო, რომელიც ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნებოდა, კრძალავდა სიკვდილით დასჯას, ხაზს უსვამდა ქალებისა და კაცების თანასწორობას და სამართლებრივ საფუძველს უქმნიდა ახალ პოლიტიკურ სისტემას.
წითელი არმიის შემოჭრამ და დამოუკიდებლობის დაკარგვამ ვერ ჩაახშო ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მისწრაფებები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. დაიწყო ბრძოლის ახალი ტალღა, რომელიც 26 მაისის თავისუფლების იდეებს ეფუძნებოდა. ამ ბრძოლაში ხალხს განსაკუთრებულ ძალას რწმენა და პროგრესული ღირებულებები აძლევდა, რომლებიც ოდითგანვე საერთო მიზნის ქვეშ აერთიანებდა საქართველოს მოსახლეობას და მას ევროპულ სამყაროსთან აკავშირებდა.
ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე კარგად სწორედ ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. ამასთანავე, ყველაზე კარგად გვესმის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობა.
მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესების ფონზე, დღევანდელ 26 მაისს განსაკუთრებული იმედით აღვნიშნავთ. ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ისტორიული ნაბიჯები გადადგა, იშრომა და იბრძოლა ევროპული მომავლისთვის. მათ შორის, გადავდგით მთავარი ნაბიჯი - ჩვენ ოფიციალურად შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს.
საქართველო დასავლური ცივილიზაციის, ევროპული კულტურის და ისტორიული სივრცის შექმნის თანამონაწილე და განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების დაცვასა და განმტკიცებას, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, სახელმწიფოსი, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიბრუნებს ევროპულ ოჯახში.
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ თავისუფალი, დამოუკიდებელი, მშვიდობიანი ქვეყნის სამსახურს! ღმერთი ჰფარავდეს თითოეული თქვენგანის ოჯახს!
ღმერთი ჰფარავდეს ჩვენს სამშობლოს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.