„ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე კარგად სწორედ ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. ამასთანავე, ყველაზე კარგად გვესმის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობა. მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესების ფონზე, დღევანდელ 26 მაისს განსაკუთრებული იმედით აღვნიშნავთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
მისივე თქმით, საქართველომ, ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, ისტორიული ნაბიჯები გადადგა.
„საქართველომ იშრომა და იბრძოლა ევროპული მომავლისთვის. მათ შორის, გადავდგით მთავარი ნაბიჯი - ჩვენ ოფიციალურად შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.