„რაც შეეხება ევროპულ ღირებულებების სწავლებას, ეკა, ძვირფასო, სად, ევროპული ღირებულებების რომელ აბზაცსა თუ წინადადებაში ამოიკითხეთ, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, დამცირება, ცემა, წამება და გაუპატიურება მისაღებია? ადამიანების ქუჩაში და ციხის საკნებში ჩახოცვას გულისხმობს ევროპული ღირებულებები? იქნებ, ელიტური კორუფცია და სახელმწიფო ბიუჯეტის საკუთარი სურვილის მიხედვით მოხმარებაა ევროპული ღირებულება?“ - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი წერს სოციალურ ქსელში.
„სიკვდილით ვსჯით ადამიანს, რომელმაც სიკვდილით დასჯა გააუქმა და მთელ საქართველოს ასწავლა ევროპული ღირებულებები", – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ 25 მაისს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
აი, რას ნიშნავს, რომ იცის. ყველაფერი!
ეკა, ძვირფასო, სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა 1991 წელს.
ეს უნდა იცოდე. წესით!
ეკა, ძვირფასო, ამის შემდეგ, რაკი სისხლის სამართლის კანონმდებლობაში სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა - ისევ იყო, მოსამართლეები, იმ საქმეებზე, სადაც დანაშაულის სიმძიმის მიხედვით სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოეტანათ, ასეთ გადაწყვეტილებას იღებდნენ, მაგრამ განაჩენის ფაქტობრივი აღსრულება შეუძლებელი იყო მორატორიუმის გამო.
ესეც უნდა იცოდე. წესით!
ეკა, ძვირფასო, 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებულ კონსტიტუციაზე მუშაობის დროს ქართველმა კანონმდებლებმა და საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა სიკვდილის დასჯის გაუქმებაზე საგანგებოდ იმსჯელეს. მაშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე იყო.
ამ დროს სააკაშვილი ნიუ-იორკში, იურიდიულ კანტორაში კლერკობდა!
ეს უნდა იცოდე. წესით!
ეკა, ძვირფასო, 1996 წელს, ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, სიკვდილის დასჯაზე მეორედ გამოცხადდა მორატორიუმი. ამჯერად საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გამოაცხადა. მაშინ სააკაშვილი პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
ეს უნდა იცოდე. წესით!
ეკა, ძვირფასო, 1997 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ინიციატივას სიკვდილით დასჯის გაუქმების თაობაზე მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა და სიკვდილით დასჯა გაუქმებულად გამოცხადდა. მაშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია იყო, სააკაშვილი კი - ისევ იმავე კომიტეტის თავმჯდომარე. სიკვდილით დასჯის გაუქმება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო.
ეს უნდა იცოდე. წესით!
ეკა, ძვირფასო, 1999 წლის 27 აპრილს საქართველო ევროპის საბჭოს 41-ე წევრი გახდა. მაშინ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო და ევროსაბჭოს შენობასთან დროშაც მან აღმართა. იქ იყვნენ ჟვანიაც, სააკაშვილიც (ამჯერად პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" თავმჯდომარე) და სხვებიც - მთავრობის და პარლამენტის წევრები.
ეს უნდა იცოდე. წესით!
ეკა, ძვირფასო, 2000 წლის 1 მაისს საქართველო შეუერთდა „ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას“. მაშინ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო. სააკაშვილი კი - ისევ ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე (იუსტიციის მინისტრად 2000 წლის 12 ოქტომბერს დაინიშნა და არასრული ერთი წელი - 2001 წლის 19 სექტემბრამდე „იმუშავა“).
ჰოდა, ეკა, ძვირფასო, რაკი ეს ყველაფერი უნდა იცოდე და, თუკი აქამდე არ იცოდი, ამიერიდან გეცოდინება, ახლა უკვე შეკითხვის დროც დადგა:
სად, რომელ ქვეყანაში გააუქმა "ადამიანმა" სააკაშვილმა სიკვდილით დასჯა?
რაც შეეხება ევროპულ ღირებულებების სწავლებას, ეკა, ძვირფასო, სად, ევროპული ღირებულებების რომელ აბზაცსა თუ წინადადებაში ამოიკითხეთ, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, დამცირება, ცემა, წამება და გაუპატიურება მისაღებია? ადამიანების ქუჩაში და ციხის საკნებში ჩახოცვას გულისხმობს ევროპული ღირებულებები? იქნებ, ელიტური კორუფცია და სახელმწიფო ბიუჯეტის საკუთარი სურვილის მიხედვით მოხმარებაა ევროპული ღირებულება?
ეკა, ძვირფასო, თქვენმა ბელადმა სააკაშვილმა ევროპული ღირებულებები კი არ ასწავლა მთელ საქართველოს, ანტიევროპული და ანტიადამიანური რეჟიმი დაამყარა მთელ საქართველოში!
აი, ეს კი არა მხოლოდ უნდა იცოდე, არამედ ძალიან კარგად იცი!
მაგრამ მაინც უკუღმა ლაპარაკობ, რადგან უტიფარი ხარ!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.