„მართლაც სხვა გარემოში აღვნიშნავთ დღევანდელ 26 მაისს. ეს არის გარემო, როდესაც გაკეთებული გვაქვს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე და სულ რამდენიმე კვირა დარჩა, სანამ გავიგებთ პასუხს, არის თუ არა ევროკავშირი მზად გადადგას ის თამამი ნაბიჯი, რომელსაც საქართველო ბოლო რამდენიმე ათწლეულია დგამს ყოველდღიური შრომით, ყოველდღიური ბრძოლით, იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენი არჩევანი, ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი, არის ურყევი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„აქამდე მოვდიოდით მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა გააუქმა ჯერ რუსეთის იმპერიამ, შემდეგ უკვე საბჭოთა რუსეთმა. ჩვენ ეს თამამი ნაბიჯი ჩვენი განაცხადით გადავდგით, ახლა ჯერი ევროპაზეა. ევროპამ უნდა უთხრას საქართველოს და ამავე დროს უკრაინასა და მოლდოვას, რომ ევროპასაც აქვს ის სითამამე, რომ ამ რთულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება და მსოფლიოს უთხრას, რომ ეს სამი ქვეყანა აუცილებლად იქნება ევროკავშირის ნაწილი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა პარლამენტის მუშაობას ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით.