საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ბექა ოდიშარია თურქ კოლეგებს - საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჰალილ ეთიემეზის და მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
შეხვედრა თურქეთ-საქართველის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თურქეთის ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის ინიციატივითა და თურქეთის საელჩოს მიწვევით გაიმართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს თურქეთ-საქართველოს, როგორც რეგიონის ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობის, საგარეო პოლიტიკის განხორციელების, ორ მეგობარ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო და თურქეთში ქართული კულტურული ძეგლების მოვლა-პატრონობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე.
ბექა ოდიშარიამ ხაზი გაუსვა თურქეთ-საქართველოს საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრების ვიზიტის მნიშვნელობას, რაც მაისის დასაწყისში თავის თურქ კოლეგასთან, ჰალილ ეთიემეზისთან ონლაინ ფორმატში გამართული შეხვედრის შედეგია.
აღინიშნა, რომ თურქეთის პარლამენტის - დიდი ეროვნული კრების წევრები მონაწილეობას მიიღებენ, აგრეთვე, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და 27 მაისს დიასპორის დღეზე დაგეგმილ ღონისძიებებში.
ასევე გაიმართა დისკუსია-ვახშამი 21-27 მაისს დაწესებული თურქული სამზარეულოს კვირეულის ფორმატში.
„თურქული სამზარეულო- მარადიული რეცეპტები” - ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც შედგა.
იგი თურქეთის პირველი ლედის - ემინე ერდოღანის ხელმძღვანელობით და თურქეთის პრეზიდენტის ეგიდით გამოიცა.