„ევროპის გზა არ არის მარტივი. ეს გზა არც სხვა სახელმწიფოებისთვის იყო მარტივი და რა თქმა უნდა, მას საქართველო წარმატებით გაივლის“, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
ბრიუსელიდან ჩართვისას ვახტანგ მახარობლიშვილმა მთელ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივებზე ისაუბრა.
„მართლაც განსაკუთრებული ემოციითა და განწყობით ვხვდებით დღევანდელ დღეს, რამეთუ წელს, 3 მარტს, საქართველოს განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ეს არის მართლაც ჩვენი ქვეყნის, ხალხის ისტორიული ღირებულებითი არჩევანი და მას ალტერნატივა არ გააჩნია. მოგეხსენებათ, ევროპის გზა არ არის მარტივი და არც სხვა სახელმწიფოებისთვის იყო მარტივი გზა და რა თქმა უნდა, ამ გზას საქართველო წარმატებით გაივლის და ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში, ამ დიდ ევროპულ ოჯახში აუცილებლად გაწევრიანდება“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.