logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: ეს ჩემი სამშობლოა!
- +

ავტორი მაია კახიძე

26 მაისი. 2022. 17:38

 

 

ქვამარილიან თვალებში ვმალავ საკუთარ განცდებს, ხან რომ მიყვარს და ხან რომ მძულს ჩემი ფიქრები, ოღონდ, სიძულვილი ბევრი გულისხეთქვის ბრალია. მე ჩემი ქვეყნის დაღლილ თვალებში ჩარჩენილი კურცხალი მირჩევნია, პირმოთნესი, მრუდისა და გამყიდველის უტიფარ თვალებს.

 

მთვარის შუქივით ისრუტავს ჩემი სიყვარული ყოველს და სავსე ვარ სიამაყით, როდესაც თვალწინ მიდგას ჩემი ქვეყნის ისტორიის და სიბრძნის მთესვარები, ნაღდები, უშიშრები, თავგანწირულები, შეწირულები, რამდენის მნახველი ციხე-კოშკები გაბედული ასისთავებით, მეციხოვნეებით, სარდლებით.

 

ჰო, ეს ჩემი სამშობლოა და მე ის ყველაზე მეტად მიყვარს!

 

ეს ჩემი გასაოცარი ქვეყანაა, სადაც ერთ დღეში მეტეხის ხიდიდან 100 000 თბილისელი ზეცად მოწამედ ამაღლდა და ცათა სასუფეველს შეუერთდა და ეს ის ჩემი ქვეყანაა, რომელსაც მუდმივად უწევდა ბრძოლა  ქრისტიანობის დასაცავად.

 

დიახ, სწორედ ამ ქვეყანაში დაირწა ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანი. ეს ჩემი საქართველოა, რომელსაც მტერიც არბევდა, მოყვარეც და ყველაფრის მიუხედავად მაინც გადარჩა.

 

ეს ჩემი ქვეყანაა, რომელიც სახელმწიფოებრიობის 3000 წელს ითვლის.

 

ეს ის ქვეყანაა, ტატო რომ დაიბადა, ილია, ვაჟა, გალაკტიონი, ლადო გუდიაშვილი, გოგი ცაბაძე, დავით ყიფიანი, ნონა გაფრინაშვილი, ნინო რამიშვილი, ანა კალანდაძე, ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, ბესიკ  ხარანაული...

 

ესაა ჩემი სამშობლო, ჩვენი სიყვარული და ზედაშე!

 

ერთი პატარა ქვეყანაა, ჩაგვრასთან და მონობასთან შეურიგებელი უძველესი ერი! აი, რატომ მიყვარს ჩემი ქვეყანა! ჩემს ქვეყანაში ათასწლეულ წარსულს სძინავს და როგორც შემიძლია, ვდარაჯობ. შენც უდარაჯე!

 

ეს ჩემი სამშობლოა და მე ის ყველაზე მეტად მიყვარს!

 

დღეს 26 მაისია.

 

სიყვარულით, მაიკო კახიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner