ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი, ახმეტის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. ღონისძიების დაწყებამდე, ნიკოლოზ კვეზერელმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა სოფელ ქვემო ალვანში, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
სოფელ მატანში, ჩოლოყაშვილების ციხე-გალავანში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-4 მექანიზებული ბრიგადის წვევამდელთა მიერ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს, ნიკოლოზ კვეზერელთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს წარმომადგენლებთან და ალექსი ფიცხელაურთან ერთად, თავდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებელი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
დღესვე, ნიკოლოზ კვეზერელმა და ალექსი ფიცხელაურმა, ახმეტაში საზეიმოდ გახსნეს შინმოუსვლელთა სკვერი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს.
ახლად გახსნილ სკვერში გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება, მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
გაიმართა კონცერტი ადგილობრივი მომღერლებისა და ფოლკლორულ- ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით, რომელიც მოწვეულმა ჯგუფმა "იბერიამ" დაასრულა.