logo_geo
eng_logo
პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
- +

27 მაისი. 2022. 10:38

 

 

2022 წლის 26 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით, ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მონოგრაფიის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია შედგა. თარიღიც საგანგებოდ შეირჩა – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილის, ისტორიის დოქტორის, ბატონ მირიან ხოსიტაშვილის თქმით, სწორედ ეს დღე შეესაბამებოდა ყველაზე უკეთ ბატონ ზურაბ ხონელიძის მონოგრაფიის სულისკვეთებას.

 

ღონისძიების დაწყებამდე დარბაზი პრეზენტაციით დაინტერესებული საზოგადოებით – საქართველოს პარლამენტის წევრებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კულტურის  სფეროს წარმომადგენლებით – შეივსო. ინტერესი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ დამატებითი სკამების შემოტანა დასჭირდა საჯარო ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას.

 

პრეზენტაცია გახსნა ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა, ბატონმა ნუგზარ რუხაძემ:

 

ბატონ ზურაბ ხონელიძის წიგნს, რომლის პრეზენტაციაზეც დღეს მოვედით ამ დიდებულ დარბაზში, რეკლამა არ სჭირდება. აქ გადმოცემული აზრი ნებისმიერ ქართველს უნდა აფიქრებდეს. მე შინაარს არ მოგიყვებით, მხოლოდ მიგანიშნებთ, თუ რატომ უნდა მოსულიყავით ამ პრეზენტაციაზე: ამ წიგნს ისეთივე მნიშვნელობა აქვს ჩვენი რეგიონისათვის, როგორიც სემუელ ჰანტინგტონის ნააზრევს მსოფლიოსათვის. ამიტომაც თქვენ ახლა ძალიან სწორ ადგილზე და ძალიან სწორი წიგნის წაკითხვის მოლოდინში ბრძანდებით“.

 

ღონისძიების მოდერატორი გახლდათ ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე.

 

„ეს არ არის მარტო ბატონი ზურაბის ხედვა, მე ვიტყოდი, ეს არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხედვა კონფლიქტების მოწესრიგების პერსპექტივის თვალსაზრისით. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი კონცეპტუალური ხედვის ნაშრომები არ არსებობს და, ამ თვალსაზრისით, ის უნიკალურია“, - განაცხადა ლია ახალაძემ.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მადლობა გადაუხადა ფართო საზოგადოებას მისი ნაშრომით დაინტერესებისა და პრეზენტაციაზე მობრძანებისათვის:

 

„გულწრფელად გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას თითოეულ თქვენგანს, რომელიც აქ ბრძანდებით. თქვენ მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანი არ ხართ, თქვენ თვისობრიობა ხართ, რომელთაც სამშობლოსათვის, ქვეყნისთვის გული შეგტკივათ. მე ძალიან გააზრებულად მოვედი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ყველაზე ქართული უნივერსიტეტია. ის ქვეყნის ბედის თანაზიარია, რომელსაც არ დაკლებია არც შინაური და არც გარეული მტერი. მაგრამ მიხარია, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი მხარდაჭერა აქვს ხელისუფლებისგან და ეს განპირობებულია იმით, რომ მთავრობას ძალიან კარგად ესმის ის იდეა და მისია, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია. ის ხიდია, დამაკავშირებელი სოხუმისა და თბილისისა“.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულმა დროებითმა კომისიის თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა:

 

„დღეს ძალიან რთული ვითარებაა რეგიონში, მსოფლიოში. ეს წიგნი კი მნიშვნელოვანი ნაშრომია, რომელიც შეიძლება სახელმწიფო სტრატეგიული ხედვის სახელმძღვანელოდაც იქცეს. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ბატონი ზურაბ ხონელიძე ჩემი მეგობარია და ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნივერსიტეტის ხელმძღვანელია, არამედ იმიტომ, რომ მისი ნაშრომით ღრმა ნააზრევის შედეგი წარმოგვიდგინა“.

 

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა გიორგი ამილახვარმაც მაღალი შეფასება მისცა „მშვიდობის ქართული პარადიგმას“:

 

„ეს არის მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომელსაც დიდი გარდატეხის შეტანა შეუძლია იმ პროცესებში, როგორიცაა კონფლიქტების მოწესრიგება და ამ მიმართულებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველიც კი გახდეს“.

 

საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ, პოეტმა მაყვალა გონაშვილმა რექტორ ზურაბ ხონელიძეს ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის „ღვაწლმოსილის წოდების“ დამადასტურებელი დიპლომი გადასცა:

 

„ბატონო ზურაბ, თქვენ ბრძანდებით ადამიანი, რომელიც სიმართლეს ხედავს და სიმართლისთვის იბრძვის. დღეს მოდური გახდა სამშობლოსა და პოლიტიკაზე საუბარი, მაგრამ ეს მხოლოდ თავმოწონებისათვის კეთდება. თქვენ კი სამშობლოსთვის ცხოვრობთ და მოღვაწეობთ“.

 

„ბატონი ზურაბი სახელმწიფო მოღვაწეა, რომელსაც სრულად აქვს გააზრებული სახელმწიფოებრივი და ეროვნული პრობლემები. აქედან გამომდინარე, შემუშავებული აქვს გადაწყვეტის გზებიც. დღეს წარმოდგენილი ნაშრომიც კი შესრულებულია კაცთმოყვარეობის, მშვიდობის, სიყვარულის მთელი შეგნებითა და გრძნობით“, - აღნიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გულნაზ ხუხუამ.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ბატონ თამაზ ხუბუას თქმით, საზოგადოებას წარედგინა არაჩვეულებრივი წიგნი, რომლის გაცნობის შემდეგაც ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რატომ არ უნდა იყენებდეს სახელმწიფო ბატონი ზურაბის ბრწყინვალე დიპლომატიურ გამოცდილებას.

 

„ბატონო ზურაბ, თქვენი ნაშრომი ჩემთვის სამაგიდო წიგნად იქცა და, ვფიქრობ, ასევე უნდა იყოს ყველასათვის, რომლებიც კონფლიქტის დარეგულირების პროცესში არიან ჩართულნი. აქვე გულითადად მინდა მოგილოცოთ მშვიდობის ელჩად არჩევა“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია  „საქართველო  დევნილთა მხარდაჭერისთვის“ პრეზიდენტი დალილა ხორავა.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სამშვიდობო განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, ბატონ ლევან გერაძის შეფასებით, ნაშრომი მნიშვნელოვანი შენაძენია სამშვიდობო პროცესის აქტუალიზაციის თვალსაზრისით.

 

ნაშრომის შემფასებელთა გარდა, ავტორს არაერთი კითხვა აუდიტორიამაც დაუსვა, რაზეც ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული.

 

შეგახსენებთ, რომ წიგნის შეძენა მაღაზია „შაქრო ბაბუასა“ და „ბიბლუსის“ ქსელშია შესაძლებელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner