logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ქართული დიასპორისთვის ორმაგი მოქალაქეობის მიღება კიდევ უფრო უნდა გამარტივდეს, პარლამენტში კი თავისი ინტერესების წარმომადგენელი ჰყავდეს
- +

27 მაისი. 2022. 12:20

 

 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ქართულ დიასპორასა და ქვეყანას შორის არსებული კავშირი არ იყოს გაწყვეტილი, მნიშვნელოვანია ორმაგი მოქალაქეობის მიღება კიდევ უფრო გამარტივდეს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ორმაგი მოქალაქეობის გამარტივების კუთხით იუსტიციის სამინისტროსთან მუშაობა მიმდინარეობს.

 

აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ღონისძიებაზე სახელწოდებით „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“.

 

„ზოგჯერ არ ვიცი, იმათ ვეკუთვნი თუ აქ ვარ. მინდა, პირველ რიგში, მივმართო მათ და მივულოცო დღევანდელი დღე და გუშინდელი დღე, რადგანაც 26 მაისი დიასპორისთვის შეიძლება კიდევ უფრო სასიხარულო, მაგრამ ასევე, მტკივნეულიც იყოს, როდესაც არ ხარ შენს ქვეყანაში და გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე ვერ ბრუნდები შენს ქვეყანაში. დიასპორის დღევანდელი ბედი სულ სხვანაირია , დაკავშირებულია ქვეყანასთან და ამგვარად, დიასპორა ნამდვილად წარმოადგენს უცხოეთში ჩვენს ძალას. პატარა ქვეყნისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

 

მართალია, ჩვენ არ აგვირჩევია, რომ ასეთი დიასპორა გვეყოლებოდა საზღვარგარეთ, მაგრამ ფაქტია, რომ გვყავს და ის კავშირი, რაც არსებობს დიასპორას და ქვეყანას შორის, მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს გაწყვეტილი და რაც შეიძლება მეტად იყოს გაძლიერებული. ამას ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრი რამ სჭირდება. პირველ რიგში ის, რაც დაწყებულია და ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ორმაგი მოქალაქეობა კიდევ უფრო გავამარტივოთ. ამაზე იუსტიციის სამინისტროსთან ვმუშაობთ და მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ იმას, რომ ყველა ის შეფერხება, რაც ამ გზაზე არსებობს, მაქსიმალურად იყოს შემცირებული. ჩვენი ქვეყნის ინტერესი არის ის, რომ იმ დიასპორის წევრებმა, ვისაც სურთ ჰქონდეთ ორმაგი მოქალაქეობა, ამის მიღწევა შეძლონ, მათი შვილებისთვის შეძლონ ამის მიღწევა, რაც შეიძლება ადვილად. მეორე, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ეს კავშირი იყოს ცოცხალი, ეს არის მათი ჩართულობა საქართველოს ყოველდღიურ სახელმწიფო საქმიანობაში ანუ პოლიტიკაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მისი თქმით, იმისათვის, რომ კავშირი იყოს ცოცხალი, საჭიროა დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობა საქართველოს ყოველდღიურ სახელმწიფო საქმეში ანუ პოლიტიკაში.

 

„ამას სჭირდება ის, რომ დიასპორის წარმომადგენლები იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში. არაერთხელ ვახსენე ეს ინიციატივა. მართალია, ეს პარტიების და პარლამენტის ხელშია, მაგრამ აუცილებელია, რომ როგორც დიდი დიასპორის მქონე ყველა ქვეყანამ და ჩვენ ვართ დიდი დიასპორის მქონე ქვეყანა, მოვაგვაროთ საკითხი, რომ დიასპორას ჰყავდეს პარლამენტში თავისი ინტერესების წარმომადგენელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner