logo_geo
eng_logo
ოფიცერი დეგნანი „ვაშინგტონის კრემლიდან“ და მხევალი მისი სალომეა
- +

27 მაისი. 2022. 19:22

 

 

საქართველოს ყველაზე დიდი ეროვნული ზეიმის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმა „შემაშფოთებელი“ განცხადება გააკეთა - „ცოტა არ იყოს, სირცხვილია, რომ ქართული სამართლის ისტორიის მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ“.

 

აღნიშნულ შეფასებაზე ჩემს პასუხს ძალიან მკვახე შეძახილის ფორმა და შინაარსი ექნება - სირცხვილი ისაა, რაც თქვენ იკადრეთ, უფრო ზუსტად კი, გაკადრებინეს, ქალბატონო სალომე, და საერთოდ, სირცხვილი თქვენ ხართ მთლიანად, თქვენი ბოლო პერიოდის ამოხტომ-გამოხტომებიდან გამომდინარე.

 

ვიდრე, შესაბამისი ფაქტებისა და არგუმენტების წარმოდგენით, ამ უმძიმეს „განაჩენს“ დეტალებში ჩავშლიდე,  მანამდე, ძვირფასო მკითხველო, მცირე ექსკურსს შემოგთავაზებდი:

 

ორიოდ თვის წინ, ღია წერილის ფორმატში, საქართველოს პრეზიდენტს გულშემატკივრის პოზიციიდან მივმართავდი მოკრძალებული რჩევით („სალომეს მარგველაშვილიზაცია“ - 15.03.2022 წ.), რომ თავი შეეკავებინა კონსტიტუციით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების ჩარჩოებიდან გასული ინიციატივებისგან, რადგან ეს საზიანო იქნებოდა ქვეყნის წინსვლისთვის, რომ ეს იყო მარგველაშვილიზაციის გზა და რომ დიდი ნიკო ნიკოლაძის სახელს არ ეკადრებოდა გამარგველაშვილებული შთამომავალი.

 

ჩვენი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ამომრჩევლის თავდადებული ბრძოლის შედეგად სამშვიდობოს გაყვანილ „მთავარსარდალს“, როგორც ჩანს, ერთგვარი კომპლექსი გაუჩინა იმ გარემოებამ, რომ მის უმაღლეს სტატუსში მისი პირადი ავტორიტეტის წილი ხუთ პროცენტსაც არ აღწევდა და როგორც ცხოვრებაში ხშირად ხდება ხოლმე, პერიოდულად ცდილობს დაამტკიცოს, რომ „რაღაცები“ მასაც შეუძლია. ისეთ დროს, როცა ადამიანს არ შესწევს იმის ძალა, რომ საქმით შექმნას გარკვეული ყურადღებამისაქცევი პოზიტივი და იმავდროულად, თვითშეფასებაშიც მოიკოჭლებს, ხან შეგნებულად და ხანაც სრულიად გაუცნობიერებლად იწყებს „ცუდი, გლახა და ფინთი“ (ხანდახან ცოტა მოდუნება მჭირდება) საქმეების კეთებას, ანუ იმის დემონსტრირებას, რომ თუ სათანადო პატივით არ მოექცევიან, შეუძლია რაღაც გააფუჭოს.  

 

იმავე წერილში გამოვთქვამდი ვარაუდს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ადგილის ვერ მპოვნელ სალომეს (იმიტომ რომ გუნდური მოთამაშე არაა (აქვე, იმასაც დავამატებდი, რომ პოლიტიკასაც ვერ სწავლობს)) ვიღაც „დაეპატრონა“ და იქვე ვაკონკრეტებდი - „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის თემაზე ქალბატონი სალომე ნაცების ნარატივზე დაჯდა, ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იგი ამ „ძირგამომთხრელი“ (მისი შეფასებაა) ძალის კარნახით თამაშობს, მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს ის „რეჟისორი“ უნდა იყოს, რომელიც დესტრუქციული პროცესების სადავეებს ფლობს ჩვენს ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკისთვის განვმარტავდი:

 

ვინც სააკაშვილს და მის ბანდას ინახავდა უკრაინაში, სასათბურე პირობებში, დისტანციურად ძირგამომთხრელი საქმიანობის დაუბრკოლებლად წარმოების მიზნით; ვინც კეზერაშვილს აფარებს ხელს, რათა არეულობის ორგანიზების მატერიალური უზრუნველყოფის მექანიზმი შეუზღუდავად მოქმედებდეს; ვინც კრიმინალებს პოლიტპატიმრებს უწოდებს და ციხიდან ათავისუფლებს; ვინც ბლოკავს სხვა სისხლის სამართლის საქმეების ბოლომდე მიყვანას; ვინც სულ ახლახან, საერთო აღიარებით მაღალ დონეზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გადასინჯვაზე „იჩალიჩა“ (მათგან ეს განსაკუთრებით სამარცხვინოა) შემოვლითი გზით, საიდანღაც გამოგონილი „43%-იანი ბარიერითა“ და „რევოლუციის ბელადის“ მოულოდნელი მოვლინებით...

 

 

იმავე პუბლიკაციაში არც ამით შემოვიფარგლე და რომ იტყვიან, ბოლომდე მოვხსენი გუდას პირი: „კოლმეურნეობის თავმჯდომარეზე“ ვსაუბრობ, ჩვენს ლამაზ ქვეყანას მშვიდობა რომ არ აღირსა და საქართველო, უკრაინის მსგავსად, ერთად-ერთი დანიშნულებით რომ სჭირდება, ვაჭრობის მუდმივ საგნად რომ გაუხდია ცნობილ ჯალათ „მოწინააღმდეგესთან“ გავლენის სფეროების ახალი გადალაგების პროცესში.

 

 

ვფიქრობ, დადგა ის კრიტიკული დრო, როცა ყველა ფრჩხილი და ყველა ბრჭყალი უნდა გაიხსნას: საქართველოს სასამართლო სისტემაში „პრობლემების არსებობის“ მთავარი „კულტივატორი“ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ქალბატონი კელი დეგნანია, რომელიც, ბუნებრივია, თავისი ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელი ინსტიტუციების (რასაც ადრე „კოლმეურნეობის თავმჯდომარედ“ მოვიხსენიებდი, ახლა კი, ვფიქრობ, მისი არსისა და რაობის შესატყვისი სახელი მოვუძებნე და „ვაშინგტონის კრემლს“ ვუწოდებ) ინსტრუქციების საფუძველზე მოქმედებს.

 

როცა მისი და მისი სხვა კოლეგების მიერ მართული ქართულ-უკრაინული „პოლიტიკური გუნდის“ ყველა ძალისხმევა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით ამაო გამოდგა, „მეგობრები“ ახალ „მიგნებას“ ჩაეჭიდნენ. ეს გახლავთ რაიმე, თუნდაც თითიდან გამოწოვილი, თუნდაც სულაც მოგონილი მიზეზით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობაზე უარის თქმა. თითიდან გამოწოვილი მიზეზებიდან კი სასამართლოს თემა შეარჩიეს, რადგან ჩათვალეს, რომ აქ ყველაზე ადვილია სპეკულაციები.

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება „სასამართლოს კრიტიკოსების“ მისამართით მუდმივად სვამს კითხვა-მოთხოვნას - რეფორმის ყველა „გულშემატკივარმა“, ობიექტური ანალიზის ინტერესიდან გამომდინარე, მოიტანოს არასამართლიანი განაჩენებისა და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების კონკრეტული ქეისები და იქვე ამატებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა შეფასება გარკვეული პოლიტიკური ინტერესით ნაკარნახევ განაცხადად ჩაითვლება.

 

„კრიტიკის“ მთელ პერიოდში, ჩვენი ხელისუფლების ეს ლოგიკური და სამართლიანი მოთხოვნა ჰაერშია გამოკიდებული. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ხელშესახები არაფერი აბადიათ. სხვანაირად რომ ვთქვათ, თუნდაც ერთი ფაქტიც რომ მოეძევებოდეთ, ათასჯერ მაინც ექნებოდათ წაღმა-უკუღმა გამოფენილი.

 

საქმე კანდიდატობაზე უარის თქმით რომ შემოიფარგლებოდეს, ასეთ გამწვავებას ნამდვილად მოვერიდებოდი, მაგრამ ჩანაფიქრში აშკარად იკითხება (მათ მიერ მართვადი პარტიების განცხადებებიდან გამომდინარე), რომ ნეგატიურ პასუხს შედეგად უნდა მოჰყვეს მასშტაბური ანტისახელისუფლებო გამოსვლები ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით. შეიძლება ქალბატონი სალომე საერთოდ ვერ ხვდებოდეს, რა შარშია გახვეული, ვერ ხვდებოდეს, რომ „სასარგებლო იდიოტის“ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, მაგრამ ამას შედეგისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.

 

როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პირი, ნაცმავნებლების მხარდამხარ, ბრმად წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამომხატველი საქართველოს ხელისუფლების ხელოვნური მეთოდებით შეცვლის, უფრო ზუსტად კი - დამხობის მოსურნე, ოფიცერ დეგნანის დაწერილ ცილისმწამებლურ ტექსტს, თანაც ამას აკეთებს ყველაზე დიდი ეროვნული დღესასწაულის ტრიბუნიდან და თანაც ევროკავშირში საქართველოს საკითხის განხილვის წინა დღეებში, ასეთ ქმედებას რა უნდა ეწოდოს?.. თუმცა, გინდა მავნებლობა დაარქვით, გინდა იდიოტიზმი, გინდა შეცდომაში შეყვანილი, გინდა აგენტი, მიზნისა და  საბოლოო შედეგის სახელი მაინც ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეიცვლება - ეს არის დიდი გადაწყვეტილების ზღურბლზე მდგარი საქართველოსთვის ზიანის მიყენების დაუფარავი მცდელობა(!).

 

კარგად მესმის, რომ უაღრესად მგძნობიარე თემებს ვეხები, მაგრამ ღმერთია მოწამე, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები მალაპარაკებს. ღრმად მწამს, იმ რეალობაში ვიმყოფებით, როცა სამშობლოს დაცვის საუკეთესო და შეიძლება ითქვას, ერთადერთი იარაღი სიმართლის სააშკარაოზე გამოტანაა. მთავარ სათქმელს ზემოთ გაკვრით შევეხე, ერთგვარი ხერხი ვიხმარე მკითხველის შემზადების მიზნით. ვფიქრობ, მაღალი პასუხისმგებლობით ნაკარნახევი დეტალური ანალიზის მერე, იმ კონდიციამდე ვართ მისული, რომ ეს მთავარი სათქმელი უფრო მეტად დავაკონკრეტოთ:

 

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები თავის ქართველ „თანაგუნდელებთან“ ერთად, უდავოა, იმ მესიჯბოქსებით სარგებლობდნენ და სარგებლობენ, რომელიც უკრაინის მთავარი საყრდენისა და პროცესის წარმმართველი ძალის ლაბორატორიებშია შემუშავებული. ყველაფერი რომ ერთი ცენტრიდან იმართება, ამის თქმის უფლებას გვაძლევს ქართული თემის ტრიალის სისტემური ხასიათი, ელჩის გაწვევის გამაოგნებელი გადაწყვეტილების ჩათვლით. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ნაცავანტურისტებით დაკომპლექტებული „მოხალისეებისთვის“ თვითმფრინავების გამოგზავნაც, ერთ-ერთი ყველაზე ფეთქებადსაშიში პროვოკაცია, აღნიშნულ ცენტრთან იყო შეთანხმებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ამ ცენტრის სახელია „ვაშინგტონის კრემლი“.

 

ყველა ის აქტივობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანხმობით, ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელ და საშიშ პროვოკაციად და საფრთხედ შეაფასა, ერთი მიზნისკენ იყო მიმართული - საქართველო ჩართულიყო რუსეთთან გამანადგურებელ ომში, რათა როგორმე „შეემცირებინა უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მსხვერპლი“, ამ მსხვერპლის ქართველ ქალებსა და ბავშვებზე გადანაწილების გზით(???). ათწლეულების შემდეგ, თუ ამ წერილს ვინმე წაიკითხავს, თვალები შუბლზე აუვა, არ დაიჯერებს, რომ ამას სინამდვილესთან რაიმე შეიძლება ჰქონდეს საერთო. სწორედ იმის თქმა მინდა, რომ რა სიბინძურე უნდა გიტრიალებდეს სულში, რომ ქვეყანა, რომელსაც ხაზგასმით მოძმესაც კი უწოდებ, ასეთი ხვედრისთვის გაიმეტო.

 

როცა პროვოკატორთა ჯგუფები დარწმუნდნენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბოლომდე ურყევად იდგებოდა შემოტევების პირველივე ეტაპზე არჩეულ პოზიციაზე, „ჩიხიდან გამოსავლის“ რეცეპტის შემოთავაზებამაც არ დააყოვნა - რასაც არ გააკეთებს მოქმედი ხელისუფლება, დიდი სიამოვნებით და უპირობოდ შეასრულებენ სააკაშვილი და მისი ბანდა(!).

 

ყოველივე ზემოთქმულიდან იკითხება კიდევ ერთი დასკვნა - ევროპულ გზაზე უკრაინაზე და მოლდოვაზე გაცილებით წინ მყოფ საქართველოს განაცხადს თუ რაიმე დაბრკოლება შეხვდა, ეს იქნება ამერიკელი „მეგობრების“ „დამსახურება“, როგორც „ვაშინგტონის კრემლის“ გეგმის ნაწილი. 

 

ვფიქრობ, დადგა შეჯამების დროც:

 

კელი დეგნანის შეფებს დიდი ხანია მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საქართველოში „ურჩი“ ხელისუფლების ჩანაცვლება ყველაფერზე ხელის მომწერი ხელისუფლებით. შეიქმნა ჩიხური სიტუაცია, რადგან დიდი გამოცდილებისა და დიდი ისტორიული სიბრძნის მატარებელი ქართველი ხალხი მათ ამის საშუალებას არ აძლევს. რუსეთის სამხედრო მანქანის მიერ ბოლო პერიოდში (მარიუპოლის შემდეგ) ინიციატივის ხელში აღებამ (სიმართლე აქაც უნდა ითქვას) უკრაინის მხარდამჭერებისთვის დღის წესრიგში დააყენა რაიმე ქმედითი გადაწყვეტილებების აუცილებლობა. ვაშინგტონელი „მეგობრები“, დიდი ალბათობით, კიდევ ერთხელ ეცდებიან, მეორე ფრონტის იდეის ამოქმედებას საქართველოსა და ქართველი ხალხის ხარჯზე.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, სქემა ასეთია: ა) ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე უარის თქმა; ბ) უკმაყოფილების ტალღის აგორება ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით; გ) მიზნის მიღწევის შემთხვევაში, დროებითი მმართველობის შექმნა ნაცფანჩატურის კოალიციური უმრავლესობით; დ) ავოეეე... მიდი-მოვდივარ... მშვიდობით საქართველო.

რასაკვირველია, კიდევ ერთ ბოროტ მცდელობას კიდევ ერთი გაფარჩაკება მოჰყვება, მაგრამ... ადრე თუ გვიან ხომ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი? ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ თავისით არაფერი დასრულდება, ჩვენს ბედზე და მომავალზე ჩვენ თვითონ ვართ პასუხისმგებელი. ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლის ფორმულა ისევ ისაა, რაც ათასწლეულებია თან გვდევს - „ისინი გვეუბნებიან, ბიჭები ვართ და მოვდივართო, ჩვენც ბიჭები ვართ და დავხვდეთ!“

ჩვენი ძალა სიმართლეშია!

 

ბიძინა  დვალი

27.05.2022 წ.

 

P.S. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, წინამდებარე წერილი ომისა და ღალატის პარტიისა და მისი სატელიტების მიერ შეფასდება, როგორც ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მცდელობა. პირდაპირ ვაცხადებ - ჩემი, როგორც დასავლული ღირებულებების ერთგული ქართველის მიზანი ანტიკოლონიური განწყობების გაღვიძება და მობილიზებაა, როგორც ამას აკეთებენ, მაგალითად, ირაკლი კობახიძე, თავისი ბოლოდროინდელი გამოსვლებით და თეა წულუკიანი, ქართველთმოძულე იან კელისადმი მიმართვით.

 

P.P.S. მთავარ მიზანზე, ალბათ, საკმარისზე მეტიც ვთქვი, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ გავიმეორო, ვფიქრობ, არც ამით დაშავდება არაფერი - ეს არის ჩვენი „ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო“ სამშობლოსთვის „მეგობრებისგან“ მომდინარე ომის საფრთხეების აცილება.    

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner